უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნიანი რამდენი ავტომობილი დაჯარიმდა წელს და როგორ ახდენს შსს მათ დასანქცირებას? ამ კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მიმართა.
უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის, სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების მფლობელების მიმართ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ხორციელდება, როგორც სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე, ასევე კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრება“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 6 ივნისამდე პერიოდის ჩათვლით საქართველოში უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებზე ჯამში, 70 ათასამდე ვიდეოჯარიმაა გამოწერილი. თუმცა, სამინისტროს მიერ გამოგზავნილ პასუხში არ არის ინფორმაცია, თუ რამდენია აქედან რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილი.
რაც შეეხება აღსრულების მექანიზმს, უწყების ცნობით, ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი ქვეყნება როგორც საჯაროდ, ასევე ხდება მისი გაგზავნა საკონტაქტო ნომერზე ან საჯარიმო ქვითარი პირს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ბარდება. შესაბამისად, ჯარიმის ან კანონით გათვალისწინებულ ვადებში მისი გადაუხდელობის გამო დაკისრებული საურავის გადახდა პირს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას უწევს.
შეგახსენებთ, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნიანი ავტომობილების დაჯარიმების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთიდან მიგრანტების დიდი ნაკადი შემოვიდა საქართველოში. როგორც ამ პერიოდის განმავლობაში, სფეროს სპეცილისტები საუბრობდნენ, რომ უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებზე საქართველოს კანონმდებლობა არ ვრცელდებოდა და მათ კამერები ვერ აჯარიმებდნენ.