საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფერმერების მომართვის საფუძველზე, ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, პროდუქციის აღების პერიოდში ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი.
მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს - კონკურენტულ გარემოს, როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები.
ინფორმაციისთვის, კონკურენციის სააგენტო სწავლობს ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების საკითხს, ასევე მიმდინარეობს გაზის საავტომობილო საწვავის და თხილის ბაზრის მონიტორინგი. 2022 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის და შუშის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მონიტორინგი დაასრულა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებიც გასცა.