ქართული ლურჯი მოცვი გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან სუპერმარკეტებშია ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს წარმატება ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის შედეგია, რომელსაც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ , სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. პროგრამის მიზანია, დააკავშიროს ქართველი აგრომწარმოებლები გერმანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების პოტენციურ მყიდველებთან. ამ პროგრამის ფარგლებში, გერმანიის ბაზარზე 36 ტონა პრემიუმ ხარისხის ქართული მოცვი შევიდა და ქვეყნის წამყვან სუპერმარკეტებში, მათ შორის რევეს-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის, „რევე“ გერმანიის ტერიტორიაზე 3 600 ფილიალს ფლობს. სეზონის დასრულებამდე, გერმანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზრებზე დაგეგმილია ქართული მოცვის დამატებითი მოცულობის შეტანაც.
გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან სუპერმარკეტებში ქართული მოცვის შეტანის პროცესს წინ უძღოდა საერთაშორისო შემსყიდველების ვიზიტი საქართველოში, რომელიც ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. საერთაშორისო შემსყიდველებმა დაათვალიერეს საწარმოები და ინდივიდუალურად შეხვდნენ მწარმოებლებს B2B შეხვედრების ფარგლებში. ასევე, ქართული კომპანიებისთვის საწყის ეტაპზე მომზადდა მარკეტინგული მასალები, რათა მათ საკუთარი წარმოების შესახებ, სათანადოდ მიეწოდებინათ ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის.
ექსპორტის საბაზრო კავშირების პროგრამა ქართული მოცვის გარდა, სხვა აგრო პროდუქტებზეც ვრცელდება, მათ შორის კაკლოვან კულტურებსა და გადამუშავებულ პროდუქციაზე.