მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები ბრძოლას V-VIII ადგილებისთვის აგრძელებენ.
მას შემდეგ, რაც გ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში სამხრეთ აფრიკამ არგენტინას 24:16 სძლია, ჩვენ და მასპინძლებს თანაბარი – 9-9 საცხრილო ქულა მოგვიგროვდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი ბალანსი ჰქონდა (+23 საქართველოს, +10 სამხრეთ აფრიკას), დებულების თანახმად, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭა და სამხრეთ აფრიკამ პირველი (თასის ნახევარფინალში გამსვლელი), საქართველომ კი მეორე ადგილი დაიკავა.
ჯგუფური ეტაპის 3-3 თამაშის შემდეგ, საქართველოს 12 გუნდს შორის კვლავ ყველაზე ცოტა, 5 ლელო აქვს გაშვებული. 7-7 ლელო გაუშვეს საფრანგეთმა და არგენტინამ, 8 კი სამხრეთ აფრიკამ. საქართველო მეორეა გაშვებული ქულებით (50) და ამ მაჩვენებლით მხოლოდ საფრანგეთს ჩამორჩება (45). საქართველოს მომავალი მეტოქე მე-5 ადგილის ნახევარფინალში უელსი იქნება. შეხვედრა 9 ივლისს, პარლში ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში უმცროსი ბორჯღალოსნები 14 ივლისს მე-5 ადგილისთვის, ახალი ზელანდია/ავსტრალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, მარცხის შემთხვევაში კი მე-7 ადგილისთვის ამ წყვილს შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება და ნებისმიერ შემთხვევაში, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სარეკორდო ადგილს დაიკავებს (2018 წელს მე-9 ადგილი, 2016, 2017 და 2019 წლებში – მე-10 ადგილი. კოვიდ პანდემიის გამო, 2020-2022 წლებში ჩემპიონატი არ ჩატარდა).
უელსმა წლევანდელი ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამიდან მხოლოდ ერთი თამაში მოიგო. ახალ ზელანდიასთან ისინი პირველი ტაიმის შემდეგ 19:5 დაწინაურდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 26:27 დამარცხდნენ; იაპონიასთან ტაიმი უკვე თავად დათმეს 15:19, თუმცა მეორე ნახევრის დებიუტში მეტოქე კაცნაკლული დარჩა და უელსმა 41:19 იმარჯვა; საფრანგეთი უელსთან კაცნაკლული მე-15 წუთზე დარჩა, თუმცა მაინც დიდ უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ 43:19 გაიმარჯვა.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატების ისტორიაში, საქართველო უელსელ თანატოლებს ერთადერთხელ, 2016 წელს ეთამაშა. ის ტურნირი 12-გუნდა ელიტაში ჩვენი გუნდისთვის პირველი იყო და ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში მეტოქემ დაძაბულ ბრძოლაში 10:9 იმარჯვა.