5 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დასრულდა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპშიც მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონი თსუ. წილისყრის შედეგად ჩვენი გუნდის მეტოქე პორტუგალიის ჩემპიონი ბენფიკაა.
5-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკალათბურთო კლუბი ევროსარბიელზე ბრუნდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა, FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს. თსუ მონაწილეობას მიიღებს FIBA-ს უმაღლესი რანგის ევროტუნირის საკვალიფიკაციო ეტაპში და წარმატების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.
ბოლოს, საქართველოდან ევროტურნირზე 5 წლის წინ, 2017-2018 წლების სეზონში თბილისის დინამომ ითამაშა, რომელმაც სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან დაიწყო, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა და ერთი საფეხურით დაბლა მყოფ ევროპის თასზე გადაინაცვლა. დინამოელებმა ჯგუფურ ეტაპზე გამართული 6 მატჩიდან გამარჯვება ვერ მოიპოვეს, რის შემდეგაც დინამომ კიდევ ერთხელ ცადა ბედი, მაგრამ საკვალიფიკაციო ვერ დაძლია და მას შემდეგ საქართველოს ევროტურნირებზე წარმომადგენელი არ ჰყოლია.
თსუ-მ გასულ სეზონში დუბლი შეასრულა. ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს თასიც მოიგო და სეზონი ჩემპიონობით დააგვირგვინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით თსუ-ს საკალათბურთო გუნდი უნივერსიტეტისა და ქვეყნის ღირსებას ევროტურნირზე დაიცავს