დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, საქმეზე გამოძიება არა სამსახურეობრივი გულგრილობის, არამედ განზრახ ან გაუფრთხილებლობით ექსპერტის მიერ საექსპერტო ობიექტის დაუცველობის დაზიანების ფაქტზე უნდა დაიწყო.
როგორც ნატო ხუტაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დნმ-ანაწმენდია დაზიანებული და არა საქმეში არსებული საეჭვო პირების დნმ-ანაწმენდები.
„ექსპერტ-ბიოლოგს გარკვევით უწერია, რომ ანაწმენდები მას უკვე დაობებულ მდგომარეობაში მიუვიდა და არა შეფუთული. საყურადღებოა, რომ მხოლოდ ანის ანაწმენდებია დაობებული. საეჭვო პირების დნმ-ები არ არის დაობებული. მე უკვე ეჭვი მეპარება ამ ყველაფერში. თუ ერთ საქმეში ამდენი შეცდომა ხდება, ეს არის უბედურება.
ჩემი შვილის მკვლელს აუცილებლად იპოვიან ან პირადად ვიპოვი და სათანადოდ დავსჯი. ამას პოლიცია გააკეთებს, თუ საკუთარი ძალებით გავაკეთებთ, აუცილებლად ვიპოვი მას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას პოლიცია გააკეთებს, თუ არადა ამას ჩვენი ოჯახი გააკეთებს.
ეს არ უნდა იყოს რიგითი საქმე. ეს საქმე თაროზე არ უნდა შემოიდოს. არ შეიძლება თვეობით გრძელდებოდეს და პასუხი მოდიოდეს, რომ ახალი არაფერი არ არის. ახალი ის კი არ უნდა იყოს, რომ ექსპერტიზის ბიუროში ანაწმენდები დაალპეს.
არ შეიძლება რომ ეს საქმე, რომელიც ახლა პროკურატურამ წამოიწყო გულგრილობის მუხლით გავიდეს. უნდა გავიდეს განზრახ ან გაუფრთხილებლობით ექსპერტის მიერ საექსპერტო ობიექტის დაუცველობის დაზიანება“,- განაცხადა ნატო ხუტაშვილმა.
მან გადაცემაში ასევე ისაუბრა იმ დაზიანებებზე, რომელიც 12 წლის მოზარდს სხეულზე აღენიშნებოდა. გადაცვლილი გოგონას დედის თქმით, გოგონას სხეულზე 39 დაზიანება აღენიშნებოდა, რომელსაც მოზარდი თვითონ ვერ მიიყენებდა.
„ვიპოვეთ გულაღმა მდგომარეობაში, შემალული. ბავშვს 39 დაზიანება აქვს. ამ 39 დაზიანებას ბავშვი ვერ მიიღებდა, ბავშვი არის დაზიანებული ვიღაც პირის დახმარებით. მას აქვს ისეთი დაზიანებები, რომელსაც შენით ვერ მიიყენებ. აქვს ისეთ ადგილებზე დაზიანებები, რომელსაც ადამიანები თავისით ვერ მიიყენებენ. მაგალითად: წვივი აქვს ჩაშავებული. წვივში აქვს წიხლი ჩარტყმული, შემდგომ იგი დაცემულია მუხლებზე. მუხლები აქვს დალურჯებული. კეფა აქვს დალურჯებული, იმიტომ რომ პირზე უჭერდა ხელს და აქვს უამრავი ასეთი ტრავმა მიღებული. როდესაც ბავშვი ვიპოვეთ, ის აღარ იყო ცოცხალი. ამის შემდგომ ბავშვი გადაიყვანეს სამხარაული ექსპერტიზის ბიუროში, სადაც ჩატარდა ექსპერტიზა. იმედი გვქონდა რომ ექსპერტიზა გამოავლენდა ვინ იყო მკვლელი, მაგრამ მოხდა ისე, რომ დნმ-ანაწმენდები თურმე დაობებულია. ეს არის ყოვლად მიუღებელი, ისეთი სისტემისთვის, როგორიც არის სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელსაც ევალება დნმ-ანაწმენდები არათუ დააობოს, არამედ გამოიკვლიოს, შეინახოს ისეთ პირობებში, რომ ვარგისი იყოს შემდგომი კვლევებისთვისაც“,- განაცხადა გარდაცვლილი გოგონას დედამ.
კითხვაზე, იყო თუ არა აღმოჩენილი მოზარდის სხეულზე სხვა პირის ბიოლოგიური მასალა, ნატო ხუტაშვილი პასუხობს, რომ გოგონას ფრჩხილში აღმოაჩინეს მამაკაცის თმა.
ბავშვის სხეულზე, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი, რომელიც კრიმინალისტებმა გადაიღეს, ფრჩხილში გაჩხერილა მამაკაცის თმა.
„განმარტებაში წერია, რომ ეს არის ნაჭდევი. ეს ნაჭდევები საიდან მოვიდა, ვინ მიაყენა, რა ვითარებაში დაზიანდა ამაზე უნდა ისაუბროს გამოძიებამ. მათი დასკვნები არის მშრალი. ყველაფერზე წერია ბლაგვი, მკვრივი საგნით. ვერ ვიპოვეთ ეს ბლაგვი, მკვრივი საგანი, რა არის და "რა სახელი და გვარია". მაგრამ ვიპოვით.
ვამბობ, რომ სავარაუდოდ მამაკაცის ჩადენილია, რადგან მამაკაცის თმა არის აღმოჩენილი. ასეთი ტიპის თმა მამაკაცებს გულ-მკერდზე, წვერზე და ხელებზე აქვთ“, - განაცხადა გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედამ.