გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტი გუვერმა 29 წლის ასაკში ჩაიბარა და სიცოცხლის ბოლომდე უხელმძღვანელა უწყებას, რომელმაც რიგით ამერიკელებთან ერთად მაღალჩინოსნებსაც შიშის ზარს სცემდა. მართალია, 50-წლიანი კარიერის მანძილზე ძლევამოსილმა შეფმა დიდ დეპრესიასაც გაუძლო და რუზველტის რეფორმებსაც, ცივი ომიც გადაიტანა, ვიეტნამის და კორეის კონფლიქტიც, ოდესღაც უფუნქციო პოლიციის განყოფილებისგან კი, გავლენიანი, მეტად ანგარიშგასაწევი ორგანიზაცია შექმნა, მაგრამ მოდერნიზების მისეული მეთოდები არასტანდარტული, ხშირად ხისტი და სასტიკი იყო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის წინაშე დამსახურების მიუხედავად, ბევრი მას კორუფციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშიც ადანაშაულებდა.
სწორედ გუვერმა აქცია ფედერალური ბიუროს მთავარ მისიად სახელმწიფოს მტრებთან ბრძოლა, როცა ჯოზეფ მაკკარტის სახელით წამოიწყო წამყვან პოლიტიკურ ფიგურებზე კომპრომატის შეგროვება და ე.წ. ‘’კუდიანებზე ნადირობა’’, კრიმინალურ დაჯგუფებებთან მეგობრობით კი, პრაქტიკულად ყველა სფეროზე გაავრცელა საკუთარი გავლენა და სერიოზულად დააფრთხო თეთრი სახლის ბინადრები, რომლებიც მაქსიმალურად ერიდებოდნენ გუვერთან ღიად დაპირისპირებას.
სავარაუდოდ, ჯონ ედგარ გუვერი 1895 წლის 1 იანვარს დაიბადა ვაშინგტონში. ფედერალური ბიუროს შეფი ყოველთვის საგულდაგულოდ მალავდა საკუთარ ბიოგრაფიას და სხვა მონაცემების მსგავსად, დაბადების თარიღსაც გაუგებარი მიზეზებით ასაიდუმლოებდა. მისი მამა - დირექსონ ნეილორ გუვერი კარტოგრაფიისა და გეოდეზიის უწყებას ხელმძღვანელობდა, დედა - შვეიცარიელი ემიგრანტების შთამომავალი ენი მერი შეიტლინი კი, საოჯახო მეურნეობას უძღვებოდა და ხუთი შვილის აღზრდაზე ზრუნავდა.
და-ძმას შორის ყველაზე უმცროსმა, მშობლებისგან განებივრებულმა ედგარმა, რომელიც იშვიათი გონებამახვილობით, დაკვირვების უნარით გამოირჩეოდა და ყოველთვის კარგად სწავლობდა, ჯერ დღიური აკინძა საკუთარი ხელით წვრილმანი ხარჯის, ნაცნობების დაბადების დღეების, ჩვევების და დამახასიათებელი თავისებურებების მოსანიშნად, 11 წლისამ კი, ორგვერდიანი გაზეთი ‘’ყოველკვირეული მიმომხილველი’’ გამოუშვა, რომლისთვისაც დამოუკიდებლად, უფროსების დახმარების გარეშე წერდა სტატიებს.
მართალია, სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ გუვერი პერსონალურად მიიწვიეს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ - ვირჯინიის უნივერსიტეტში, მაგრამ მამის ავადმყოფობის გამო ედგარმა უარი თქვა შეთავაზებაზე და ჯერ ადგილობრივ სასწავლებელში - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, მერე ოჯახის პატრონობაც საკუთარ თავზე აიღო, რადგან ხანგრძლივი დეპრესიით გატანჯულ დირექსონს მუშაობის არც სურვილი ჰქონდა, არც შესაძლებლობა.
ლექციებს ედგარი მხოლოდ საღამოს ესწრებოდა, დღისით კი, ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში მუშაობდა და ისე გულდასმით, პირნათლად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას, რომ რამდენიმე თვეში კატალოგის ზედამხედველად დაინიშნა. დაწინაურების მიუხედავად, ახალგაზრდა გუვერს ბევრად სეროზული ამბიციები ჰქონდა, თუმცა არც ბიბლიოთეკაში მუშაობას ჩაუვლია ფუჭად, რადგან სწორედ იქ შეძენილი გამოცდილება გამოიყენა სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილი მოქალაქეების რეგისტრაციის სამმართველოში მუშაობისას, მანამდე კი, ბიძის რეკომენდაციით იუსტიციის სამინისტროში მოეწყო და შესაშური შემართებით შეუდგა სამხედრო სამსახურს გაქცეული დეზერტირების დევნას.
1917 წელს შეერთებული შტატები პირველ მსოფლიო ომში ჩაება, რუსეთში კი, რევოლუციამ გაიმარჯვა, რამაც ამერიკული საზოგადოების ორად გახლეჩა გამოიწვია. ნაწილი ქვეყნის მთავრობას ამართლებდა და მის საომარ პოლიტიკას ემხრობოდა, ნაწილი კი, პირიქით კატეგორიულად აპროტესტებდა ომში მონაწილეობას და გულწრფელად იზიარებდა კომუნისტურ იდეებს. კონფლიქტი მხარეებს შორის მალე გადაიზარდა დაპირისპირებაში, აფეთქებების სერიამ რამდენიმე ქალაქში კი, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური განყოფილების შექმნა აიძულა, რომლის მთავარ მიზანს ‘’ამერიკული საზოგადოებისთვის სახიფათო უცხოელების’’ გამოვლენა წარმოადგენდა.
სწორედ ახალ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში იუსტიციის მინისტრის ალექსანდრ პალმერის ნდობით აღჭურვილი გუვერი და აქტიურად შეუდგა საეჭვო პირების გამოვლენას, განსაკუთრებით სახიფათოების აპატიმრებდა, რიგითი რადიკალებს კი, ქვეყნიდან ასახლებდა. ახალ უწყებაში გამოიყენა ედგარმა ბიბლიოთეკაში შეძენილი გამოცდილებაც, როცა კომუნისტურ პარტიებზე ჯერ მოძიებული, მერე სისტემატიზირებული ინფორმაციით სულ რამდენიმე კვირაში შექმნა არასაიმედო პირთა კარტოთეკა, რომელიც თავიდან მხოლოდ15 ათას ‘’ეჭვმიტანილს’’აერთიანებდა, თუმცა 1921 წელს 450 ათასამდე შეივსო.
პალმერის თანაშემწის პოსტზე გამოუცხადა ძლევამოსილმა შეფმა ბრძოლა ე.წ. ‘’წითელ საფრთხესაც’’, როცა მისივე მონაცემების საფუძველზე განხორციელდა შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დაპატიმრებების სერია და მოქალაქეთა გასახლების უპრეცედენტო აქცია. რამდენიმე წელიწადში გუვერმა 10 ათასზე მეტი ე.წ. ‘’წითელი’’ დააპატიმრა, რომელთა უმრავლესობა სინამდვილეში არასდროს იზიარებდა კომუნისტურ იდეებს, თუმცა აქტიურად აპროტესტებდა შეერთებული შტატების პოლიტიკას. სხვათა შორის, სწორედ გუვერის ინიციატივით გამოცხადდა ამერიკელი ფემინისტი და ანარქისტი ემა გოლდმანი მოღალატედ და მართალია, ‘’კუდიანებზე მონადირეთა’’ უწყებამ სერიოზულად გააყალბა რეალური ფაქტები, მაგრამ გუვერმა მაინც მიაღწია სასურველ მიზანს და გოლდმანი ქვეყნიდან გააძევა.
1924 წელს იუსტიციის ახალმა მინისტრმა ჰარლენ სტოუნმა ადმინისტრაციული აპარატის რეორგანიზაცია განახორციელა და პირველ რიგში კორუფციას გამოუცხადა ომი, გუვერი კი დროებით დანიშნა გამოძიების ბიუროს დირექტორის პოსტზე, თუმცა ახალგაზრდამ, რომელიც არასდროს გაურბოდა ბინძური საქმის შესრულებას, არა უბრალოდ გაამართლა მინისტრის მოლოდინი, არამედ 29 წლისამ უკვე ოფიციალურად ჩაიბარა სტრატეგიული უწყების ხელმძღვანელის პოსტი.
საზრიანი, ყოველთვის სხარტად მოაზროვნე გუვერი სწრაფად მიხვდა რა სჭირდებოდა სამინისტროს და სტოუნის შემდეგ თვითონაც სერიოზული რეფორმები განახორციელა - მოთხოვნები გაუზარდა კანდიდატებს მაღალ თანამდებობაზე და ერთგვარი მისაღები გამოცდები დაუნიშნა ახალ თანამშრომლებს, მნიშვნელოვნად აამაღლა პერსონალის კვალიფიკაცია და სამსახურიდან დაითხოვა პოლიტიკოსებთან დამეგობრებული კოლეგები. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნების გამკაცრებით და ხარვეზებზე მითითებით, გუვერმა ისე დააქვეითა თანამშრომლები, რომ უმეტესობამ საკუთარი ნებით დატოვა სამსახური. ამასთანავე, ახლდგამომცხვარმა დირექტორმა ჯერ ინფორმაციის შენახვის ახალი წესი შემოიღო, მერე დაქტილოსკოპიური კარტოთეკა შექმნა, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში იქცა თითის ანაბეჭდების უმსხვილეს ბაზად მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვნად გააძლიერა გუვერმა კორპორატიული შეგნება და ურთიერთობა ბიუროს თანამშრომლებს შორისაც, შინაგანაწესების განსაზღვრის შემდეგ კი, ე.წ. დრეს-კოდი შემოიღო, რადგან ძალიან არ მოსწონდა, როცა თანამშრომლებს ძვირადღირებული სამოსითა და აქსესუარებით მოჰქონდათ თავი.
1934 წელს გუვერმა ჯერ კრიმინალისტიკის სკოლა დააარსა, მერე ეჭვმიტანილთა დაკავების უფლება მოიპოვა, რადგან მანამდე ბიუროს აგენტებს არც კრიმინალის დაპატიმრების, არც იარაღის ტარებისა და გამოყენების უფლება ჰქონდათ. სხვათა შორის, სწორედ გუვერის რეფორმების შემდეგ, მოიძიეს უფლებამოსილებაგაზრდილმა აგენტებმა მოუხელთებელი განგსტერი ჯონ დილინჯერი, რომელიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მომიზეზებით გამოასალმეს სიცოცხლეს. აღსანიშნავია, რომ ზუსტად წარმატებული ოპერაციის შემდეგ შეიძინა გუვერის უწყებამ საერთო სახელმწიფოებრივი სტატუსი და გამოძიების ფედერალურ ბიუროდ გადაკეთდა.
ფრანკლინ რუზველტის მმართველობის პერიოდში გუვერი აქტიურად შეუდგა საზოგადოებასთან კავშირის დამყარებას, რადგან მიხვდა, რომ წარმატებული მუშაობისთვის სწორედ ამერიკელების კეთილგანწყობის მოპოვება იყო საჭირო და არც შეცდა, რადგან სააგენტოს პოპულარობასთან ერთად, მისი ავტორიტეტიც საგრძნობლად გაძლიერდა. მეტიც, ფედერალური ბიუროს შეფი, რომელსაც მთელი ქვეყანა ციტირებდა, რამდენიმე წელიწადში იქცა ეროვნულ გმირად.
1940 წელს რუზველტის ბრძანებით გუვერმა მისივე პოლიტიკურ ოპონენტებზე გააძლიერა კონტროლი, რასაც ავტომატურად ბიუროს უფლებამოსილების გაფართოება - პირველ რიგში, სატელეფონო საუბრების მოსმენა, პრეზიდენტის კონკურენტების თვალთვალი და მათივე საქმიანობის გამოძიება მოჰყვა.
მართალია, 1941 წელს იაპონიის საჰაერო ჯარების პერლ-ჰარბორზე თავდასხმის და შეერთებული შტატების მეორე მსოფლიო ომში იძულებით ჩაბმის შემდეგ ფედერალური ბიუროს აგენტებმა მასიურად დააპატიმრეს ამერიკაში მცხოვრები იაპონელები, იტალიელები და გერმანელები, მაგრამ სინამდვილეში დასაპატიმრებლად განწირულთა ნუსხა, რომელმაც 4 ათასამდე ‘’მოღალატე’’ გააერთიანა, იაპონელების თავდასხმამდე ბევრად ადრე მომზადდა, უბრალოდ გუვერი ხელსაყრელ მომენტს ელოდა საკუთარი გეგმის განსახორციელებლად.
რუზველტის გარდაცვალების და ჰარი ტრუმენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ, გუვერმა მორიგი უპრეცედენტო ანტიკომუნისტური კამპანია წამოიწყო, რომელმაც მოგვიანებით ‘’კუდიანებზე ნადირობის’’ ანუ ‘’მაკარტიზმის’’ სახელი შეიძინა, რადგან სწორედ სენატორ ჯოზეფ მაკარტის ხელშეწყობით გაიზარდა ბიუროს შტატი, ბიუჯეტი და შეუზღუდავი პრივილეგიების წყალობით იქცა ერთგვარ საიდუმლო პოლიციად, რომელიც მასიურად აპატიმრებდა კომუნისტთა მხარდამჭერებს და დაუნდობლად დევნიდა იმ პერიოდის ბოჰემას, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა ერთმანეთის მიყოლებით გაქრნენ ეკრანიდან მსახიობები, მემარცხენე რეჟისორების ფილმებმა კი, სერიოზული მარცხი განიცადეს გაქირავებაში. ჰოლივუდი რამდენიმე თვეში შეელია 151 კინემატოგრაფისტს, რომელთა შორის ერთ-ერთი ამერიკიდან გაძევებული და ბრიტანეთში გადაბარგებული ჩარლი ჩაპლინი აღმოჩნდა.
მართალია, ჰარი ტრუმენმა ფედერალური ბიუროს შეფს ქედმაღლობა დაუწუნა, რადგან მან მხოლოდ არაოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტის დაკავება, რაც ტრუმენმა სუბორდინაციის დარღვევად მიიჩნია, მაგრამ გუვერმა მაინც შეძლო თანამდებობის შენარჩუნება, რადგან ‘’რუხი კარდინალის’’ პირად არქივში ტრუმენზეც მოიძებნა კომპრომატი. რა თქმა უნდა, ქვეყნის მთავარი პოლიციელის მეთოდებს ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ მან არ უკან დაიხია, არც ჯონ კენედის შეუშინდა, რომელმაც რიჩარდ ნიქსონის მსგავსად სცადა მისგან განთავისუფლება, ლინდონ ჯონსონმა კი, თავიდანვე უარი თქვა ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებაზე. მეტიც, სწორედ მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გააუქმა საპენსიო ასაკი ფედერალური ბიუროს დირექტორისთვის, რითაც სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნა პოსტი გუვერს.
რა თქმა უნდა, ედგარ გუვერისა და ჯონ კენედის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ყველამ კარგად იცოდა, რადგან ‘’მარადიული დირექტორი’’ ყოველთვის მონდომებით აგროვებდა კომპრომატს ახალგაზრდა პრეზიდენტზე, ღიად აკრიტიკებდა მის რომანტიკულ გატაცებებს და არასდროს იზიარებდა ლიბერალურ შეხედულებებს. კენედის ‘’ახალი ამერიკის’’ შექმნა სურდა, მაშინ როცა ძველი ყაიდის გუვერი მაქსიმალურად ცდილობდა არსებულის შენარჩუნებას. სიტუაცია კენედის მკვლელობის შემდეგ დამძიმდა, როცა გაირკვა, რომ ლი ჰარვი ოსვალდს ბიურო პრეზიდენტის დალასში ვიზიტამდე აკონტროლებდა, საზარელი ტრაგედიის შემდეგ კი, საქმეს არაორგანიზებულად იძიებდა და შეგნებულად აჭიანურებდა, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, თითქოს ჯონ კენედის მკვლელობის დამკვეთი სწორედ გუვერი იყო, თუმცა მისი მხილება ამ შემთხვევაშიც შეუძლებელი აღმოჩნდა.
გუვერი, რომელიც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ფიგურაზე ფლობდა დოსიეს, მკაცრად ასაიდუმლოებდა საკუთარ ცხოვრებას, რამაც უამრავი ჭორი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამბობდნენ, თითქოს ქვეყნის მთავარი პოლიციელი, სინდისის ქენჯნის გარეშე არღვევდა კანონს და არც განგსტერებთან თაკილობდა მეგობრობას, არც უფლებამოსილების გადამეტებით ბიუროს ფინანსებით სარგებლობას. ამასთანავე, გუვერს არა მხოლოდ ქალის სამოსში მოსწონდა გამოწყობა, არამედ მამაკაცებთან ურთიერთობაც ძალიან ხიბლავდა. მეტიც, სწორედ საკუთარ თანაშემწესთან, კლაიდ ტოლსონთან გააბა რომანი, რომელიც ერთადერთ მემკვიდრედ აქცია და სოლიდურ თანხასთან ერთად საკუთარი სახლიც უანდერძა.