სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მფლობელი „დინამო თბილისია“, რომელიც ფინალურ მატჩში ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.
ტიტულისთვის მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა. ანგარიში 25-ე წუთზე ბათუმელებმა გახსნეს. ალექსანდერ იაკობსენისა და ივან ლიტვინენკოს განვითარებული ეფექტური შეტევა ჯოვინო ფლამარიონმა დააგვირგვინა და ტაიმი ბათუმელებმა 1:0 მოიგეს.
მეორე ნახევარი თავსხმა წვიმისა და თბილისელთა შეტევების ფონზე წარიმართა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მთელი მეორე ტაიმი უტევდა და 77-ე წუთზე შედეგს მიაღწია. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში 18 წლის გაბრიელ სიგუამ გააგზავნა.
ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უკეთ თბილისელებმა შეასრულეს და ტიტულს მეცხრედ დაეუფლნენ.
მატჩი მესამე ადგილისთვის მატჩი ქუთაისის „ტორპედოს“ და გორის „დილას“ შორის „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართა. მეორე ნახევარში გიორგი არაბიძის შესანიშნავი თამაშის ხარჯზე ქუთაისელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. თავის მხრივ, „დილას“ შანსი კონტრშეტევებზე ჰქონდა.
საბოლოოდ მატჩი 0:0 დასრულდა და ამ შეხვედრაშიც დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც „ტორპედომ“ 5:4 მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა.