ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კი - ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრზე ევგენია კრავჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის მოადგილეა.
„დავასრულეთ მუშაობა ვანკუვერში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საბოლოო დეკლარაციის მიღებით, სადაც ნათქვამია, რომ ტერორიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რუსეთის მთავრობის სახელით „ვაგნერის“ ჯგუფის ქმედებები სამართლიანად შეიძლება დახასიათდეს ტერორისტულად (რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად აღიარა, რომ „ვაგნერის“ ჯგუფი "სრულად ფინანსდებოდა" სახელმწიფოს მიერ)", - წერს კრავჩუკი.
მისი ინფორმაციით, დეკლარაცია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, გამკაცრდეს საერთაშორისო ნორმები, რომელიც ნათლად აღიარებს „ვაგნერის“ ტერორისტულ ხასიათს და რუსეთის ფედერაციის, როგორც ამ ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.