ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენები და ნატოს სამიტისთვის მზადების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა Twitter-ზე განაცხადა.
„ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და ნატოს სამიტისთვის მზადების შესახებ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ვილნიუსში ალიანსის მოკავშირეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში, განაახლონ პოლიტიკური კავშირები და დააახლოონ ქვეყანა ნატოსთან.
ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება. როგორც მედია წერს, სამიტზე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების დონეზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელება, ასევე, ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის სისტემის გაძლიერების ღონისძიებები.