ისრაელის თავდაცვის ძალებსა და შეიარაღებულ პალესტინელ მებრძოლებს შორის ვითარება კვლავ დაძაბულია. პალესტინის ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის უმსხვილესი სამხედრო ოპერაციის შემდეგ ჯენინში საკუთარი სახლი 3 000-მა პალესტინელმა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას პალესტინის წითელი ნახევარმთვარის სამაშველო სამსახურიც ადასტურებს. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში მხარეებს შორის ინტენსიური სროლა გასული დღე-ღამის განმავლობაში დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მომხდარის შედეგად 9 პალესტინელი დაიღუპა და 100 დაშავდა. უწყების განმარტებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაშავებულებიდან 20 მძიმე მდგომარეობაშია.