ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის სეზონი სულ უფრო აქტიურდება. თუმცა ფერმერები აცხადებენ, რომ ატმისა და ვაშლატამას საბითუმო ფასი ერთ კილოგრამზე ლარი-ლარი და 20 თეთრის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როცა წინა სეზონის დასაწყისში კგ-ის ფასი 2-3 ლარს აღწევდა. ინფორმაციას აგროპორტალი, EastFruit ავრცელებს.
ქართველი ფერმერები ფასების კლებას რუსული რუბლის გაუფასურებასა და სეზონის დასაწყისში მოთხოვნის შემცირებას უკავშირებენ. ამასთან, საექსპორტო სეზონი ახალი დაწყებულია და ფერმერები დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ, თუ როგორ შეიცვლება ფასები მომავალში. 2022 წლის სეზონზე EastFruit-მა ატმის ფასები ივნისის ბოლო კვირაში შეისწავლა. მაშინ სეზონი კგ-ზე 2-ლარიანი საშუალო საბითუმო ფასით გაიხსნა, ხოლო აგვისტოს პირველ კვირას მინიმალურმა სეზონურმა ფასმა კგ-ზე 1 ლარამდე დაიწია.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში EastFruit-ს განუცხადეს, რომ კახეთში მიმდინარე კვირის დასაწყისში ექსპორტის მხარდამჭერი ჯგუფი ამოქმედდა, რომელიც ფერმერებს ფიტოსანიტარული და საბაჟო დოკუმენტაციის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით გაფორმებაში ეხმარება.
EastFruit-ის მონაცემებით, მიმდინარე სეზონზე ატმისა და ვაშლატამას საშუალო მოსავალი არის მოსალოდნელი. იმის მიუხედავად, რომ ხანგრძლივი წვიმების შედეგად ზოგიერთი ბაღი სეტყვამ და დაავადებებმა დააზიანა, აგროპორტალის შეფასებით, ეს ფაქტორები მთლიან მოსავალზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.