ოფიციალურად: გიორგი კვერნაძე იტალიის სერია A-ში ითამაშებს. თბილისის საბურთალოს აღზრდილმა ფეხბურთელმა იტალიაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ფროზინონსში 1 წლიანი იჯარით ჩაირიცხა. ეს ინფორმაცია იტალიური გუნდის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. კვერნაძისა და ფროზინონსს შორის დადებული ხელშეკრულება მის გამოსყიდვასაც მოიცავს. თუ სერია A-ს ბინადარი ერთი წლის შემდეგ მის დატოვებას გადაწყვეტს, მათ კვერნაძის გამოსყიდვის უფლება ექნებათ. ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ მომენტისათვის „ფოთის კოლხეთს“ ეკუთვნის, რომლის მმართველიც მისივე აგენტი მამუკა ჯუღელია. იტალიური გუნდის ვებ გვერდი გიორგი კვერნაძესთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
"საფეხბურთო კლუბი ფროზინონე აცხადებს, რომ შეთანხმებას მიაღწია ფოთის კოლხეთთან გიორგი კვერნაძის ტრანსფერზე. 20 წლის თავდამსხმელი იჯარით და გამოსყიდვის ვარიანტით შემოგვიერთდა", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კვერნაძე თბილისის საბურთალოს აკადემიის აღზრდილია და კარიერის სტატზე სწორედ მათ შემადგენლობაში გამოდიოდა. ამის შემდეგ ის გასულ სეზონში იჯარის წესით „თელავში“ აღმოჩნდა, სადაც კარგი სეზონი ჩაატარა და არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა. საბოლოოდ კვერნაძესთან კონტრაქტი ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარმა „ფოთის კოლხეთმა“ გააფორმა, რომლის მმართველიც ცნობილი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელია. თუმცა კვერნაძეს ფოთელთა შემადგენლობაში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია და პირდაპირ იჯარის წესით „დინამო ბათუმში“ გადავიდა, სადაც 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.გიორგი კვერნაძეს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში იწვევდნენ, 21-წლამდელთა მაისურით კი მას 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ფროზინონე სერია A-ს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მათ მხოლოდ ორი სეზონი აქვთ ჩატარებული იტალიის უმაღლეს დივიზიონში - ფროზინონე 2015/16 და 2018/19 წლების სეზონებში გამოდიოდა სერია A-ში.