არგენტინასთან 20:0 მოგებული მატჩის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები დღეს, 4 ივლისს იტალიას დაუპირისპირდება.
თამაში გიმნაზიუმ არენაზე უნდა გამართულიყო, თუმცა მინდვრის საფარის ცუდი მდგომარეობის გამო მასპინძელი სტადიონი დანიელ ქრავენ სტადიოუმი იქნბეა. მატჩი თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგს დააფიქსირებენ, ანუ მინიმუმ მე-5-8 ადგილებისთვის ითამაშებენ.
არგენტინის მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა – თამაშს ტრავმის გამო ნიკა ბაბუნაშვილი გამოტოვებს, მის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ბასა ხონელიძე ითამაშებს, მეორე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა გიორგი ნიკოლაძე, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან ძირითადში იყო, არგენტინასთან მას არ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, სამივე ჯგუფის გამარჯვებული და ერთიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის; ორი უარესი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას; მესამე მესამეადგილოსანი და ჯგუფის მეოთხეადგილოსნები კი მე-9-12 ადგილებისთვის ითამაშებენ. 2016 წლიდან დღემდე, როდესაც საქართველო 12-გუნდა ელიტაში დაწინაურდა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამჯერ დაიკავეს მე-10 ადგილი, 2018 წელს კი ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი ჰქონდათ – მე-9 ადგილი.