კატასტროფის შემდეგ ტიტანის ნარჩენები ოკეანის ფსკერიდან ამოიტანეს. ნაშთები კანადაში, სენტ-ჯონში, გემ Horizon Arctic-დან ჩამოტვირთეს. აღსანიშნავია, რომ მათი მოპოვება გამოძიების მსვლელობას დააჩქარებს და ექსპერტებს ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას მისცემს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
წყალქვეშა ნავის ნარჩენები 3 800 მეტრ სიღრმეზე, ტიტანიკიდან 488 მეტრის დაშორებით იპოვეს. ამ ეტაპზე ოკეანის სიღრმეში 5 ძირითადი ნაწილი კვლავ რჩება და იმედოვნებენ, რომ მათი ამოტანა მიმდინარე დღეებში მოხერხდება.
პარალელურად მედიასააგენტოები აქტიურად წერენ, რომ წყალქვეშა ნავის მფლობელი კომპანიის, OceanGate-ის ვებგვერდზე ჩაძირული ტიტანიკის მოსანახულებელი ექსპედიცია კვლავ რეკლამდება. ცნობისთვის, ტრაგედიას კომპანიის დირექტორი, სტოკტონ რაშიც შეეწირა. მისი ცოლი, ვენდი რაში, “ტიტანიკზე” მყოფი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის, იდა და ისიდორ შტრაუსების შთამომავალია. სამწუხაროდ, ორივე მათგანი 1912 წელს ტრაგედიისას დაიღუპა.
გარდიანის ინფორმაციით, ექსპერტები იკვლევენ, შეიცავს თუ არა ტიტანის ნარჩენები მგზავრთა გვამის ნაშთებს. ასევე წერენ, რომ “ტიტანის” 19 წლის მგზავრს ოკეანის სიღრმეში რუბიკის კუბის აწყობით რეკორდის მოხსნა სურდა. საუბარია სულემან დავუდზე, რომელიც მოგზაურობაში მამასთან - 48 წლის პაკისტანელ ბიზნესმენსა და მილიარდერთან, შახზადა დავუდთან ერთად იმყოფებოდა.
სულეიმანის გეგმის შესახებ დედამ, ქრისტინ დავუდმა BBC-სთან ისაუბრა. “წასვლამდე ის მეუბნებოდა, რომ 3 800 მეტრ სიღრმეზე რუბიკის კუბის აწყობით გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდებოდა. ძალიან გახარებული და აღელვებული იყო. თავსატეხს ის 20 წამში ხსნიდა და კუბს ყველგან თან ატარებდა. რა თქმა უნდა, ექსპედიციაშიც წაიღო”, - ამბობს დაღუპული მოზარდის დედა. იგი ასევე იხსენებს, რომ ტიტანიკის მონახულებას ატლანტის ოკეანის ფსკერზე ქმართან ერთად თავდაპირველი გეგმით თვითონვე აპირებდა, თუმცა მოგვიანებით მოგზაურობაში შახზადას შვილი შეუერთდა, რომელსაც, თურმე, გამგზავრებამდე ექსპედიციის ეშინოდა, თუმცა მამას უარი ვერ უთხრა.