მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის თავდაცვის ძალებსა და შეიარაღებულ პალესტინელ მებრძოლებს შორის ინტენსიური სროლა მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ისრაელმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ორშაბათს დილით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 9 პალესტინელი დაიღუპა და 100 დაშავდა. უწყების განმარტებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაშავებულებიდან 20 მძიმე მდგომარეობაშია.
ისრაელში აცხადებენ, რომ წერტილს უსვამენ ჯენინის „ტერორიზმის თავშესაფრად“ გამოყენებას, პალესტინელები კი მათ ომის დანაშაულში ადანაშაულებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოპერაციის დასრულებისთვის კონკრეტული ვადები არ არსებობს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს "საათის ან რამდენიმე დღის საკითხი". მათი მტკიცებით, მოქმედებდნენ ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე და არ სურთ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება. BBC-ის ინფორმაციით, გუშინ ღამით სამხედროებმა 500-მდე პალესტინელ ოჯახს ბანაკის დატოვების საშუალება მისცეს.