რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების ორგანოები და სპეცსამსახურები ფუნქციებს სათანადოდ ასრულებენ. „იტარ-ტასის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა უკომენტაროდ დატოვა კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა რუსეთში ამბოხის თავიდან აცილება. პესკოვის თქმით, პუტინმა რთულ დღეებში როგორც შეიარაღებული ძალების, ისე სპეცსამსახურების, პრეზიდენტის გარშემო კონსოლიდაციის დონე აღნიშნა და ყველა მათგანის მისამართით მადლიერებაც გამოხატა. რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხის მცდელობას, პირველად ეხმაურება ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც. რომელიც მიიჩნევს, რომ ამბოხი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ფიცისადმი ერთგულების გამო ვერ შედგა.