მიკრო ბანკად გარდაქმნის სურვილი 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვს. ესენია - „კრისტალი“, „ემბისისი“ და „ლაზიკა კაპიტალი“. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც 2023 წლიდან ბაზარზე შემოდის ახალი, სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი - მიკრო ბანკი. მიკრო ბანკის სახით შეიქმნება ისეთი სახის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობისა და რეალური ეკონომიკის დარგების დაკრედიტებას განახორციელებს იმ სექტორში, სადაც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია. მიკრო ბანკებზე გავრცელდება დაბეგვრის იგივე რეჟიმი, რომელიც ამჟამად მოქმედებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.