ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის ძირითადი დრო საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, სასტარტოში ლომინაძის ნაცვლად გაგნიძე დააყენა. მეტოქე დებიუტში უკეთ გამოიყურებოდა და მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა ტურგემანმა ვერ გაიტანა. ამას გარდა, ოთხჯერ შორიდან უშედეგოდ სცადეს კარის დალაშქვრა. ქართველ ფეხბურთელებს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდათ. სტუმრებმა კი კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, როდესაც გლუხის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. პირველი ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, გამოსვლაზე მეკარე პერეცის შეცდომის შემდეგმექვაბიშვილმა კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ისრაელს ისევ მიეცა შანსი - ერთი ერთზე გასულ ტურგემანს მამარდაშვილმა არ დაანება გატანა, მერე კი ბურთი ძელს მოხვდა. აქედან მოყოლებული უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა, წიტაიშვილის სწრაფმა დრიბლინგმა შედეგი არ გამოიღო. სტუმრებმა სახიფათო კონტრიერიშებით გვიპასუხეს და კიდევ ორჯერ გადაგვარჩინა მეკარემ. თამაში უკვე მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ვიზავი ჩვენს გუნდს წნეხის ქვეშ ჰყავდა, თუმცა რეალური მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. კარგად შევიდა შცვლაზე მოისწრაფიშვილი, რომლის ჩაწოდებული ბურთი გაგუამ კარს ააცილა, ბოლოს გაგუას მიერ ზედ საჯარიმოს ხაზთან მოპოვებული საჯარიმოდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა, ძირითად დროში გოლი არ გავიდა და ექსტრა-ტაიმები დაინიშნა.