ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს იმიტომ, რომ „გადაგაგდებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ძალთა თანაფარდობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ, თუმცა ეს არასდროს განაპირობებდა იმას, რომ საქართველო დათმობებზე წასულიყო.
„ეს არის ჩვენი მაგალითი, რომ ძალთა შეფარდება ჩვენს სასარგებლოდ არასდროს ყოფილა. არც უკრაინის სიტუაციაში ვართ, უზარმაზარი ტერიტორია, ადამიანური და სამხედრო რესურსები არ გვქონია რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ეს არასოდეს განაპირობებდა იმას, რომ საქართველო წასულიყო რაღაც დათმობებზე. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს ზოგჯერ არასწორად ვიგებთ. როგორც ყოველთვის რუსეთმა არ შეასრულა შეთანხმების თავისი ნაწილი, მან დაარღვია ბოლომდე, ანექსიით დაარღვია, რაც უნდა გვასწავლიდეს, თუ როგორ ექცევა რუსეთი თავის დაპირებებს. რუსეთი არაერთხელ ჩვენს ისტორიაში, უფრო ახლო ისტორიაში, რაც შემოსულია ჩვენს ტერიტორიაზე აფხაზეთში და ცხინვალში სხვადასხვა ფორმით, 1991 წლიდან, არაერთხელ ირიბ მოლაპარაკებებში, ვითომ და ჰპირდებოდა ხან ერთს, ხან მეორეს და ხან კიდევ ვის, რომ მე დაგითმობ ან აფხაზეთს ან აფხაზეთის ნახევარს. გვახსოვს საუბრები თუნდაც სააკაშვილის და პუტინის ამ თემაზე და მანამდე შევარდნაძეს რომ დაჰპირდნენ და ამიტომ „ესენგეში“ შევიდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არასოდესაა სწორი, რომ რუსეთის შიშის გამო რაღაც დათმო, რადგან რუსეთი იმპერიალისტური ძალაა.
„რუსეთთან ურთიერთობაში არასოდეს არის სწორი, მას აგრძნობინო, რომ მისი გეშინია და რაღაცას უთმობ. რუსეთი არის იმპერიალისტური ძალა თავისი არსით და როგორც კი კედელი ირღვევა და გრძნობს, რომ შეუძლია შენზე წამოიწიოს, წამოიწევა და წამოიწევა. არა მაინც და მაინც სამხედრო კუთხით, მაგრამ რაღაც თავისი ფორმებით. ამიტომ მუდამ საჭიროა, რომ ჩვენ ჩვენს ადგილზე ვიდგეთ, რაც საქართველომ შეძლო მთელ ამ პერიოდში, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში, დასაწყისში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.