ძალიან მიკვირს, რომ უმრავლესობიდან, მმართველი პარტიიდან, მთავრობიდან, პარლამენტიდან, არავინ არ იკადრა, რომ აქ მოსულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა პრეზიდენტი და მისი აზრები, შენს ქვეყანას პატივი უნდა სცე.
„ეს ხომ სალომე ზურაბიშვილის ღონისძიება არ არის?! ეს არის საქართველოში გამართული ძალიან მაღალი დონის ქალთა კონფერენცია, რომელიც ტარდება ამ ან სხვა ფორმით ბევრ ქვეყანაში და რომელიც, მგონი, ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და შენ ქვეყანას ზოგჯერ უნდა სცე პატივი. კარგი, პრეზიდენტი არ მოგწონს, აღარ მოგწონს, არ აქვს მნიშვნელობა. პრეზიდენტი არის ამ შემთხვევაში მხოლოდ ინსტიტუტი და არა პიროვნება, ადამიანი, რომლის აზრები შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.