თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს კონფერენციის მონაწილეები „ახალ მსოფლიოში ახალი მშვიდობის“ მშენებლობაზე იმსჯელებენ. ქალთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია ბურიჩი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლა ბეარი. ღონისძიებაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებიც. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, კონფერენციაზე ქართული ოცნების ლიდერი ქალებიც მიიწვიეს, თუმცა ისინი ღონისძიებაზე ამ დრომდე არ გამოჩენილან. კონფერენციის დასკვნითი პანელი საქართველოს პრეზიდენტისა და მედიის შეხვედრას დაეთმობა, რომელსაც ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები დაესწრებიან.