დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება
თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე „დინამო არენაზე“ დღეს, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართოს – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძვის.
ერთი რამ წინასწარაა ცნობილი – ამ შეხვედრაზე, დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ დამყარდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატებზე დასწრების რეკორდი – მატჩზე დასასწრები 54 ათასი ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. 43 ათასი მაყურებლის დასწრება ახალგაზრდული ევროს მატჩზე ისედაც შესანიშნავი შედეგია, რასაც უეფა თავის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში სიამაყით აღნიშნავს.
30 ივნისს საქართველოს ნაკრებმა საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე ივარჯიშა. მანამდე მასპინძელ „დინამო არენაზე“ ჟურნალისტების კითხვებს მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა უპასუხეს. გუნდში მხოლოდ ერთი დანაკლისია – ტრავმირებული ნიკა გაგნიძე.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა A ჯგუფში დაამარცხა პორტუგალია (2:0), ფრედ ითამაშა ბელგიასთან (2:2), ნიდერლანდებთან (1:1) და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა.
რაც შეეხება საქართველოსა და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებების ურთიერთშეხვედრათა ისტორიას, აქამდე ამხანაგურ შეხვედრებში სამჯერ უთამაშიათ, რომელთაგან ორ მატჩში დავმარცხდით (0:2, 1:2) ერთი კი მოვიგეთ (2:1, გოლები: ლოჩოშვილი, არაბიძე).
საქართველოს დღევანდელმა მეტოქემ, ისრაელმა C ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. გაი ლუზონის გუნდი პირველ შეხვედრაში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, გერმანიას დაუზავდა, მეორე შეხვედრაში ინგლისთან დამარცხდა, ბოლოს კი ჩეხეთთან 82-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა.