სად ვართ ჩვენ?- ჩვენ ვართ საქართველოსთან. ვის ინტერესებს ვიცავთ? - ქართველი ხალხის. ახლა, მე ვეკითხები ამ ადამიანებს [ოპოზიციას], თქვენ ვინ ხართ, სად ხართ და ვის ინტერესებს ატარებთ?, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოვიდა.
ღუდუშაურმა ტრიბუნასთან გამოსვლისას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის ვიდო ჩართო, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს რუსეთთან ურთიერთობაზე.
ასევე ღუდუშაურმა ჩართო ის ვიდეოც, სადაც მიხეილ სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეებს ხვდება.
ამასთან, მან ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ფრაზა გაიხსენა, რომლის თანახმად, „ფულს სუნი არ უდის“.
„სხვა გზა არ არის უნდა შეგახსენოთ, იმიტომ რომ თავს არ გვანებებთ, თავს არ ანებებთ საზოგადოებას. იცანით „ვივამედის“ ბინადარი? ამოიცანით თქვენი თავი? თუ ვინმე რამე რუსულს ატარებს, არა ქართულს, არა სახელმწიფოებრივს ეს ხართ თქვენ. მოისმინეთ ხომ ეს ყველაფერი, თქვე, ჟენია პრიგოჟინებო.
რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი. ხელისუფლებაში გინდათ მოსვლა, რომ კიდევ ააწიოკოთ ეს ქვეყანა?“, - აღნიშნა კადრების ჩვენების შემდეგ ღუდუშაურმა.
მისი განცხადებით, ქართველი ხალხი „ნაციონალური მოძრაობისგან“ 11 წელი ელოდა ბოდიშს.
მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომ „ტურებზე” და „ფარჩაკებზე" უარესები არიან.
„სად წავიდნენ ჟენია პრიგოჟინის პარტიის წევრები? სად წავიდნენ, სად დაიარებიან? სხვა გზა არ არის , ახლა ესენი მოისმენ იმას, თუ რატომ ვუწოდებ იმას, რასაც ვუწოდებ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ პრორუსები. ჩვენ ვართ ქართველები თავისი ღირსებით და თავისი ისტორიით. სად ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ საქართველოსთან. ვის ინტერესებს ვიცავთ? ქართველი ხახლის. ახლა მე ვეკითხები ამ ადამიანებს [ოპოზიციას], თქვენ ვინ ხართ, სად ხართ და ვის ინტერესებს ატარებთ? ეს მე და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად ვიცით. მე არ გეტყვით ტურებს და ფარჩაკებს, ამას ქართველი ხალხი გეტყვით.
ჩვენ კი არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას. თქვენგან განსხვავებით ვართ სამართლიანი ხალხი და ვივლით წინ ქართველ ხალხთან ერთად. 11 წელი გელოდათ ქართველი ხალხი, რომ ბოდიშს მოუხდიდით, დღეს კი აღარავის სჭირდება თქვენი ბოდიში ჩვენ კი ვივლით წინ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.