თუ მართლა ემიჯნებით ძალადობას, აბრძანდით ფეხზე და ახლავე ბოდიში მოუხადეთ ვალერი გელაშვილს, კობა დავითაშვილის ოჯახს, ესენი იყვნენ თქვენი პოლიტიკური ოპონენტები, რომელიც მოიტაცეთ, დაამტვრიეთ და დალეწეთ ცემით მხოლოდ იმის გამო, რომ არ გეთანხმებოდნენ,- ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მან „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი ხელისუფლების პერიოდი შეახსენა და აღნიშნა, რომ ძალადობა არის მათი პოლიტიკური კოდი.
„ძალადობაზე ამდენი ილაპარაკეს, ჩვენ გვადანაშაულებდნენ ხელისუფლებას, ძალადობას ახალისებენო. ჯერ ერთი, ყველა შემთხვევაზე რეაგირება იყო. ახლა, რა მაინტერესებს იცით, თქვენ თუ მართლა ემიჯნებით ძალადობას და თუ მართლა გაწუხებთ ძალადობა, აგერ 10 წელი არის უკვე გასული, ახლავე აბრძანდით ფეხზე თუ მართლა გაწუხებთ. თუ არადა, ჩავთვლი, რომ მატყუარა და ფარისევლები ხართ. აბრძანდით ფეხზე და ახლავე ბოდიში მოუხადეთ ვალერი გელაშვილს, კობა დავითაშვილის ოჯახს, ესენი იყვნენ თქვენი პოლიტიკური ოპონენტები, რომელიც მოიტაცეთ, დაამტვრიეთ და დალეწეთ ცემით მხოლოდ იმის გამო, რომ არ გეთანხმებოდნენ. თუ ძალადობას არ ეთანხმებით, აბრძანდით, ბოდიში მოიხადეთ და თქვით, რომ ეს იყო საზიზღრობა და კანონის ძალიან მძიმე დარღვევები, მაგრამ არ ხართ მაგის გამკეთებლები, რადგან კარგად იცით, რომ ძალადობა არის ზუსტად თქვენი პოლიტიკური კოდი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის დღევანდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთპროცენტიანები არიან.
„გიორგი ვაშაძეს რომ ვუსმინოთ, მარტო ქართველი ხალხი გვიჭერს მხარს, დანარჩენი თურმე ყველა ჩვენ გვაკრიტიკებს და ყველა ჩვენ წინააღმდეგ არის. აი, მაგ ლოგიკით რომ მოდიხართ ყველა არჩევნებზე, იმიტომ ხართ ერთპროცენტიანები და იმიტომ ვერ აკეთებთ ვერაფერს. ხან ვის ფანჩატურში იკრიბებით, ხან ვინ მოგიწოდებთ ქოლგის ქვეშ შემოსვლას და ცალ-ცალკე გინდათ, რომ გაიმარჯვოთ. ვერ გაიმარჯვებთ, სანამ არ მიხვდებით,რომ ქართველ ხალხში არის ლეგიტიმაცია. გარეთ სირბილს, სჯობს შიგნით იაროთ და ხალხს შეხვდეთ“,- მიმართა თალაკვაძემ ოპოზიციას.