მოლდოვამ, რომლის აგენტოკრატია დასავლეთის მიერ დემოკრატიის შუქურად არის გამოცხადებული, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია “შორი“ გააუქმა - რაკი ეს არის გზა ევროკავშირისკენ, მოლდოვის მაგალითზე შესაბამისი გადაწყვეტილება ჩვენც მივიღოთ და დანაშაულებრივმა პარტიამ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ არსებობა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
სუბარმა პარლამენტის ტრიბუნიდან პარტია “შორის“ გაუქმების თაობაზე მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება წაიკითხა და კოლეგებს მოლდოვას გამოცდილების შესწავლისა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვისაკენ მოუწოდა.
“არსებობდა ასოცირებული ტრიო: - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. ეს ტრიო გაიყო. უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ჩვენ გვითხრეს, რომ რაღაც დავალებები გვაქვს შესასრულებელი. მგონი გავიგეთ, რა დავალება გვაქვს შესასრულებელი. მოლდოვამ ძალიან კარგი მაგალითი მოგვცა. მოლდოვამ, რომლის აგენტოკრატია დასავლეთის მიერ დემოკრატიის შუქურად არის გამოცხადებული, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია “შორი“ გააუქმა.
"იუსტიციის სამინისტრო დანიშნავს კომისიას პარტია “შორის“ გასაუქმებლად - კომისია გაატარებს ყველა საჭირო ზომას პარტიის გასაუქმებლად და მის წასაშლელად იურიდიული პირების სახელმწიფო რეესტრიდან“ - თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკოლაე როსკამ 19 ივნისს განაჩენის გამოცხადებისას.
ევროპამ ტაში დაუკრა და თქვა, რომ დიახ, ეს არის დემოკრატია. აღარ მოვიყვან უკრაინის მაგალითს, რომელმაც ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია გააუქმა, ბევრი ოპოზიციური არხი დახურა, ძალიან ბევრი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი დააპატიმრა - უკრაინაში ომია და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იქ სხვა თამაშის წესები მოქმედებს, მაგრამ ეს გააკეთა მოლდოვამ, რომელსაც უკრაინასთან საზღვარი არა აქვს და ტერიტორიულად, გეოგრაფიულად არის უშუალოდ ევროპაში და რომლის ხელისუფლება არის მხარდაჭერილი ევროკავშირის მიერ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორუფცია ყვავის და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მოლდოვას უთხრეს, რომ პარტიის გაუქმებით კარგად მოიქცნენ.
თუ ეს არის ევროკავშირში შევლისთვის მწვანე ბარათი, ჩვენც შეგვიძლია ეს მაგალითი გადმოვიღოთ. უმრავლესობას მოგიწოდებთ, კარგად შევისწავლოთ მოლდოვას ეს გამოცდილება, გავიზიაროთ ეს გამოცდილება, კარგად შევისწავლოთ და შევაფასოთ “ნაციონალური მოძრაობის“ წარსული დანაშაულებრივი საქმიანობა და შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ“, - განაცხადა სუბარმა პარლამენტის სხდომაზე.