უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა გამართა. სხდომაზე ფრონტის ჩრდილოეთ მიმართულების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს. ზელენსკიმ ანგარიში თავდაცვის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა მიმართულებების ხელმძღვანელებისგან მოისმინა. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია განიხილეს. საკითხებს შორის უკრაინული ძალების წინსვლა და დამატებითი საარტილერიო სისტემებითა თუ ჭურვებით ოპერაციების გაძლიერება იყო. ასევე, შტაბის შეხვედრის ფარგლებში, ზელენსკიმ ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მოხსენებებიც მოისმინა.