ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა - ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ამორალური უწოდა კამპანიას, რომელიც მისი თქმით, ამ მიმართულებით „მაკდონალდსმა“ აწარმოვა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დებატები უნდა გაიხსნას და შესაძლოა, საკანონმდებლო დონეზეც დარეგულირდეს.
„ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე თემა, ამის თაობაზე არაერთ ქვეყანაში ძალიან ბევრი დებატი გაიმართა და დღემდე გრძელდება დებატები. მე ღიად ვთქვი რამდენიმე დღის წინაც და ახლაც გავიმეორებ ამ ტრიბუნიდან, არ მომერიდება, საერთოდ არ მიმაჩნია, უხერხულობად ამ თემაზე საუბარი. პირიქით, მე ვფიქრობ უნდა გავხსნათ დებატები ჩვენს ქვეყანაში. მოვიდა დრო, მომწიფდა დრო, რომ ამ თემაზე გაიხსნას დებატები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ცხადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია - მკაფიოდ ითქვას, რას ვემხრობით, რა არის მისაღები, რა არ არის მისაღები, რა არის მიუღებელი. ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ღიად გეუბნებით. მიუღებელია, არ შეიძლება! ევროპაშიც და, სამწუხაროდ, ამერიკაშიც რა ხდება, იცით თქვენ, საჯაროდ არის ინფორმაცია ამის შესახებ, ბაღებში შევიდა უკვე ეს პროპაგანდა, არ შეიძლება, კატასტროფაა ეს! ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს პროპაგანდა, არ შეიძლება, ეს არის მიუღებელი! ასევე, ამორალური იყო ეს კამპანია, რომელიც აწარმოვა „მაკდონალდსმა“ და თქვა, რომ ეს იყო გლობალური კამპანიის ნაწილი. რა მნიშვნელობა აქვს, ვერ გავიგე? ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა და ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები პარლამენტშიც, მათ შორის, შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი, მაგრამ ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დებატების გახსნა და საერთო კონსენსუსის მიღება. ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება და მოწესრიგება, ვინაიდან, ეს საკითხები დაისვა უკვე ღიად, ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას მოგვიწევს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი ტრადიციების შესაბამისად. ჩვენი მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში, ქრისტიანულ ფასეულობებს, ტრადიციებს, ამიტომ ამ თემებს ვერ შეეხებით, ვერც თამარ კორძაია და ვერც 100 თამარ კორძაია რომ იყოს პარლამენტში და მადლობა ღმერთს, ვერ იქნება ვერასოდეს მათნაირად მოაზროვნე ადამიანები, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი არ აირჩევს ასეთად მოაზროვნე ადამიანებს. ხატია დეკანოიძეც, ალბათ, მანდ არის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ის მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების საჭიროება არ დგას, განათლების სამინისტრომ კი უნდა დაიცვას“მავნებელი პროპაგანდისგან“ ბაღები და სკოლები.