საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება ერთ კვირაზე მეტია დაიწყეს. „ბორჯღალოსნები“ საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასისთვის „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე ემზადებიან, სადაც ჟურნალისტებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართეს.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე აქცენტი ყველა იმ ასპექტზე გაკეთდება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად თამაშში დაეხმარება ნაკრებს:
„პირველმა კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა. აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც რაგბისთვისაა საჭირო. ესენია ტექნიკური უნარები, ფიზიკური კონდიციები, გამძლეობა, ძალა, უნარები, რაქი, მოლი, შერკინება და ა.შ. ვარჯიშებში ყველა მოთამაშე 100%-ითაა ჩართული. გვყავს ლიმიტირებული მორაგბეები, რომელთაც თავიანთი დავალებები აქვთ და გეგმას მიყვებიან“.
პირველი სავარჯიშო კვირაზე ასევე ისაუბრა გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, რომელიც გუნდში არსებული ატმოსფეროთი კმაყოფილია:
„მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგადაა დაგეგმილი. ფანტასტიურ მდგომარეობაშია მოედანი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გუნდში ისეთი მუხტია, როგორიც მსოფლიო თასს შეესაბამება. ყველანი თავდაუზოგავად ვშრომობთ, რათა მსოფლიო თასს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ, ისეთში, როგორშიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ“.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან. “ბორჯღალოსნები“ 9 სექტემბერს ავსტრალიას დაუპირისპირდებიან, 23 სექტემბერს პორტუგალიას, 30 სექტემბერს ლევან მაისაშვილის გუნდი ფიჯის შეხვდება, 7 ოქტომბერს კი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში უელსს.