ასტრონომებმა პირველად „გაიგონეს“ ძლიერი გრავიტაციული ტალღების გუგუნი, რომელიც შავი ხვრელების ერთმანეთთან შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, სპეციალისტების დაკვირვებები აჩვენებს, რომ ტალღები - მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ნელ-ნელა იცვლებიან ირმის ნახტომში გავლისას - სხვადასხვა სიხშირით წარმოიქმნება და ათწლეულების განმავლობაში ირხევა.
აღმოჩენა მეცნიერებს დაეხმარება უკეთ გაიგონ კოსმოსური ფენომენები, როგორიცაა სუპერმასიური შავი ხვრელები და გალაქტიკების ერთმანეთთან შერწყმის სიხშირე. გრავიტაციული ტალღები, რომელთა არსებობაც თავდაპირველად ალბერტ აინშტაინმა 1916 წელს იწინასწარმეტყველა, არის ტალღები სივრცე-დროში, რომელიც პირველად 2015 წელს აღმოაჩინეს.
აღმოჩენის გაკეთებაში 190-ზე მეტი ასტრონომი მონაწილეობდა. ისინი 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ რადიოტალღებს 60 პულსარიდან 3 რადიოტელესკოპის მეშვეობით. სტატია მათი კვლევის შესახებ ჟურნალში The Astrophysical Journal Letters დაიბეჭდა.
მეცნიერების განმარტებით, მათ მიერ აღმოჩენილი დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღების ფონური ხმაური მოსალოდნელზე უფრო ხმამაღალი აღმოჩნდა. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ შავი ხვრელის შერწყმა ხდება იმაზე ხშირად, ვიდრე ეგონათ.