საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი
ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლის ძალა შეასუსტა და ევროკავშირი უფრო დიდი რისკებისთვის უნდა მოემზადოს რუსეთის უფრო დიდი არასტაბილურობის გამო.
ამის შესახებ BBC წერს.
„ცხადია, პუტინი ამ კრიზისიდან უფრო სუსტი გამოდის, მაგრამ სუსტი პუტინი ასევე დიდი საფრთხეა. ამიტომ გვმართებს, ჩვენ ძალიან კარგად გავიგოთ შედეგები... პუტინმა დაკარგა მონოპოლია ძალის გამოყენებაზე და, უდავოდ, არასტაბილური რუსეთი დიდი რისკია“, - განაცხადა ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ.
ბორელი ვარაუდობს, რომ პუტინი მალე დაიწყებს ბრძოლას იმ ადამიანებთან სისტემაში, რომელთა ლოიალობაში მას ეჭვი ეპარება.
მისივე თქმით, მთავარია უკრაინის მხარდაჭერა, ამიტომ ის ლიდერებს სთხოვს გააგრძელონ ევროპის მშვიდობის ფონდის დაფინანსება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, აფინანსებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.
„ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების ვალდებულებებზე. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გრძელვადიანი უნდა იყოს... ომის დროს და ომის შემდეგ“, - თქვა ბორელმა და დასძინა: „ამიტომ, ევროპის მშვიდობის ფონდი უკრაინისთვის, შესაძლოა, გახდეს უკრაინის თავდაცვის ფონდი - უნდა გაგრძელდეს სწავლება, უნდა გაგრძელდეს არმიის მოდერნიზაცია“.