პოპ ვარსკვლავი, მადონა სერიოზული ბაქტერიული ინფექციის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომღერლის მენეჯერმა და პროდიუსერმა, გაი ოზეარიმ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ 64 წლის მომღერალი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა ახლა უკეთაა და გამოჯანმრთელების გზას ადგას.
"შაბათს, 24 ივნისს, მადონას სერიოზული ბაქტერიული ინფექცია განუვითარდა, რის გამოც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რამდენიმე დღე მოუწია ყოფნა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, თუმცა ის ჯერ კიდევ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა. მის სრულიად გამოჯანმრთელებას ველით", - აღნიშნავს პროდიუსერი.
აგრეთვე, ოზეარიმ დაწერა, რომ მადონას გეგმები, მათ შორის მსოფლიო ტურიც, დროებით შეჩერდა. მომღერალი მომავალი თვიდან მსოფლიო ტურნეს იწყებდა, რათა კარიერის 40 წლის იუბილე აღენიშნა.
ტური 15 ივლისს ვანკუვერში, კანადაში უნდა დაწყებულიყო და 30 იანვარს მეხიკოში დასრულებულიყო. "ჩვენ მაშინვე გაგიზიარებთ უფრო მეტ დეტალს, როგორც კი გვეცოდინება ტურის დაწყების ახალი თარიღი და გადადებული შოუების ჩატარების დრო", აღნიშნავს პროდიუსერი.
ოზეარის თქმით, მადონა უკვე გამოწერეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან, თუმცა ჯერ კვლავ დაკვირვების ქვეშაა.
წყარო: Ambebi.ge