ლირას გაუფასურების ფონზე თურქეთიდან იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა, ექსპორტი კი იკლებს. დამანგრეველი მიწისძვრის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის არჩევნებში ხელახლა გამარჯვებისა და ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 6.5%-ით, 15%-მდე გაზრდის შემდეგ, თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება. მიმდინარე წელს ლირა დოლართან ჯამში, 28%-ით გაუფასურდა და 26.05 ნიშნულამდეა შესუსტებული.
ლირა რეკორდულად უფასურდება ლართანაც და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად, 1 ლირა დაახლოებით 10 თეთრი ღირს. ლირას გაუფასურება ლართან მიმართებით ქართველ იმპორტიორებს თურქულ პროდუქციას უიაფებს, თუმცა საპირისპირო გავლენა აქვს საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე, რადგან თურქი მოვაჭრეებისთვის ქართული პროდუქცია ძვირდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში იმპორტი თურქეთიდან ისტორიულ მაქსიმუმზეა. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-მაისში იმპორტმა 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 839.5 მლნ დოლარს, თითქმის 22%-ით აღემატება.
პარალელურად, იკლებს საქართველოდან თურქეთში ექსპორტი და მიმდინარე წლის 5 თვეში 152.6 მლნ დოლარი შეადგენა, ეს კი წინა წლის მაჩვენებელს 15.8%-ით ჩამორჩება.
საიმპორტო პროდუქციის ხუთეულშია: სამკურნალო საშუალებები, მსუბუქი ავტომობილები, შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები, თამბაქო და სარეცხი საშუალებები. ხოლო რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, აქ ლიდერობს ელექტროენერგია, ტრიკოტაჟის პროდუქცია და ფეროშენადნობები.