აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმში დასაქმებული სუბიექტების ნაწილი საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. აღნიშნულს გულისხმობს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტები, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის საქმიანობებში ჩართული პირებისთვის. კანონპროექტი ითვალისწინებს 500 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე აგროტურისტული და ღვინის ტურისტული სუბიექტების სტატუსების მქონე პირების გათავისუფლებას 10 წლით საშემოსავლო და მოგების გადასახადისაგან. ესენი არიან ღვინის მარნები რომლებიც ტურისტებს სთავაზობენ ღვინის და კერძების დეგუსტაციას, მასტერკლასებს, რთველში მონაწილეობას და სხვა მსგავს სერვისებს. ასევე ის ღვინის მწარმოებელი კომპანიები და მარნები, რომლებიც ჩართული არიან „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ პროექტ „ღვინის გზაში“.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილე 150 ბინზესუბიექტს 500 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავალი/ბრუნვა უფიქსირდება. შესაბამისად, სავარაუდო წლიური ჯამური დანაზოგი, რომელსაც მიიღებდნენ აგროტურიზმის და ღვინის ტურისზმის სფეროში მონაწილე ბიზნეს სუბიექტები 311 853 ლარს შეადგენს.