‘’ატლანტიკის პირველი ქალბატონი’’ - სწორედ ასე უწოდა პრესამ ამელია ერჰარტს - პიონერ პილოტ ქალს, რომელმაც 1932 წელს პირველმა გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს საკუთარი თვითმფრინავით. მართალია, მფრინავმა უამრავი ავიარეკორდი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე და ბევრად გამოცდილი კოლეგების პატივისცემა დაიმსახურა, მაგრამ 1937 წელს დაგეგმილი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო მაინც მარცხით დასრულდა, რადგან ერჰარტის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და უკვალოდ გაქრა.
არავინ იცის, რა გახდა კატასტროფის მიზეზი და სად გაქრა თვითმფრინავი, თუმცა მკვლევარები და ენთუზიასტი ცნობისმოყვარეები დღემდე ცდილობენ იდუმალებით მოცული საიდუმლოს ამოხსნას.
ამელია მარია ერჰარტი 1897 წლის 24 ივლისს დაიბადა კანზასის შტატის ქალაქ ატჩისონში შეძლებული ბაბუის - წარმატებული მოსამართლის ალფრედ ოტისის სახლში, რომელმაც პატიოსნებისა და პრინციპულობის წყალობით დაიმსახურა ადგილობრივების პატივისცემა და კანზასის საპატიო მოქალაქის წოდება. ოტისმა შვილიშვილის საკუთარ სახლში, საუკეთესო პირობებში აღზრდა გადაწყვიტა, რადგან ამელიას მამამ ედვინ ერჰარტმა - უიღბლო ადვოკატმა მინიმალური შემოსავლით, ვერც ოტისების მოლოდინი გაამართლა, ვერც ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფა მოახერხა.
ფუფუნებასა და 1900-იანი წლების პურიტანული ამერიკისთვის უჩვეულოდ ლიბერალურ გარემოში აღზრდილი ამელია ადრეული ასაკიდანვე ბრწყინვალედ ცურავდა და თამაშობდა ჩოგბურთს, წარჩინებით სწავლობდა სკოლაში და გატაცებით კითხულობდა სათავგადასავლო ისტორიებს, თუმცა არც მეზობელ ბავშვებს ჩამორჩებოდა ანცობაში. მეტიც, მოზარდი ამელია ყოველთვის ლიდერის, ბუნტისთავის სახელით სარგებლობდა, მით უფრო, რომ ჩინებულად ისროდა მამის ნაჩუქარი 22-კალიბრიანი შაშხანიდან, რითაც უფროსებს უფრო აფრთხობდა, ვიდრე თანატოლებს.
სკოლის დასრულების შემდეგ, ერჰარტი კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც ქიმიას, ფიზიკას და მედიცინას, ფრანგულ კლასიკურ ლიტერატურას და ოთხ უცხო ენას სწავლობდა ერთდროულად, 1920 წლის დასაწყისში კი, მშობლებთან ერთად გაემგზავრა კალიფორნიაში. სწორედ ლონგ-ბიჩზე, შობის დღესასწაულზე მოწყობილ ავიაგამოფენაზე დაინტერესდა ერჰარტი პირველად თვითმფრინავებით და ისე აღფრთოვანდა,რომ თვითონაც პილოტობა მოინდომა.
რა თქმა უნდა, მშობლებს არც უფიქრითა ამელიას გადარწმუნება, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ჯიუტი მოზარდი გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა, თუმცა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეს და საუკეთესო ინსტრუქტორი დაუქირავეს. ანიტა სნუკიმ, რომელიც ერთ-ერთ პირველ ქალ პილოტად ითვლებოდა, პირველ რიგში მოსწავლის მტკიცე ხასიათი, სიმშვიდე და თავდაჯერებულობა აღნიშნა, თუმცა არც მისი ავანტიურული ბუნება გამორჩა, როცა რამდენჯერმე აღკვეთა ამელიას მცდელობა გაეფრინა ელექტროგადამცემი სადენების ქვეშ.
ძვირადღირებული გაკვეთილების საფასურის გადასახდელად ამელია ჯერ ბანჯოზე უკრავდა მიუზიკლ-ჰოლში, მერე ფოტოგრაფად, კინოოპერატორად მუშაობდა და არც ავტომექანიკოსობასა და სატვირთოს მძღოლობაზე თქვა უარი, 1921 წლის ზაფხულში კი, არა მხოლოდ სრულად დაფარა სწავლის გადასახადი, არამედ საკუთარი თვითმფრინავიც შეიძინა. მცირე ზომის Kinner Airstar, რომელიც ერთ ეგზემპლარად გამოვიდა, საცდელ და მეტად სახიფათო მოდელად ითვლებოდა, რადგან გამოცდილ პილოტებსაც არ პატიობდა შეცდომას.
1922 წლის 22 ოქტომბერს ერჰარტი პირველი მფრინავი ქალი გახდა, ვინც 14 000 ფუტის სიმაღლეზე შეძლო აფრინა, რამდენიმე თვეში კი, კალიფორნიის ‘’ავიაროდეოების’’ ნამდვილ ვარსკვლავად იქცა და საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის ლიცენზია მოიპოვა, თუმცა ფინანსურმა სირთულეებმა ჯერ თვითმფრინავის გაყიდვა და ავტომობილის ყიდვა, მერე საყვარელ საქმეზე დროებით უარის თქმა და დედასთან ერთად ბოსტონში გამგზავრება აიძულა, სადაც ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ახალი და უჩვეულო გარემოს მიუხედავად, ერჰარტმა ბოსტონელი ავიატორების პატივისცემაც სწრაფად დაიმსახურა, რადგან არა მხოლოდ ბრწყინვალე მფრინავი, არამედ ჩინებული მექანიკოსიც აღმოჩნდა, რომელიც არასდროს თაკილობდა თვითმფრინავებისა და ავიაძრავების შეკეთებას.
1927 წელს ჩარლზ ლინდბერგის ატლანტის ოკეანეზე გადაფრენის შემდეგ, ავიაციით გატაცებულმა, შეძლებულმა ბრიტანელმა ემი გესტმაც მოისურვა მისი ‘’გმირობის’’ გამეორება და ცნობილ ნიუ-იორკელ გამომცემელს ჯორჯ პალმერ პუტნამს დაავალა ფრენის ორგანიზება. პუტნამმა 3-მოტორიანი ‘’ფოკერი’’ შეიძინა, პილოტად უილმერ სტულცი დაიქირავა და გაფრენის დღე დაგეგმა, თუმცა სარისკო წამოწყებით შეშფოთებულმა მისტერ გესტმა ემის ჩანაფიქრზე უარის თქმა აიძულა. მართალია, მისის გესტი მეუღლის ნებას დაჰყვა, მაგრამ გაწეული სამუშაოს, მეტად შრომატევადი სამზადისის გაუქმება არ მოინდომა და რეკომენდაცია ‘’ახალგაზრდა პილოტს, სიმპათიურ ამერიკელ გოგონას ამელია ერჰარტს’’ გაუწია.
გაფრენა ნიუფაუნდლენდის კუნძულიდან შედგა 1928 წლის 17 ივლისს. თვითმფრინავმა 20 საათსა და 40 წუთში გადაკვეთა ატლანტის ოკეანე და ბრიტანეთში, უელსის სანაპიროზე დაეშვა. სამწუხაროდ, მძიმე კლიმატური პირობების და მრავალტონიანი თვითმფრინავის მართვის ნაკლები გამოცდილების გამო, ერჰარტი მხოლოდ მგზავრის სტატუსით დაკმაყოფილდა და მართალია, პრესასთან საუბრისას მაქსიმალურად ცდილობდა ყურადღების პილოტებზე გადატანას, მაგრამ ჟურნალისტებს მხოლოდ ‘’ტრანსატლანტიკური გადაფრენის პირველი ქალბატონი’’ აინტერესებდათ. მოულოდნელი პოპულარობა ერჰარტმა სათავისოდ გამოიყენა და სქესთა თანასწორობის, ე.წ. "მამაკაცურ" პროფესიაში ქალის აქტიურად ჩაბმის ერთგვარ კამპანიად აქცია, ერთ წლის შემდეგ კი, ქალი-პილოტების საერთაშორისო ორგანიზაცია ‘’99’’ შექმნა, რომელმაც მასში გაწევრიანებული ქალბატონების რაოდენობის წყალობით შეიძინა სახელი.
1929 წლის ერჰარტმა ქალთა პირველ საჰაერო რბოლაში მიიღო მონაწილეობა და მართალია, ბოლო ეტაპის წინ საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო პირველობის მოპოვება, რადგან სტარტის აღებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მისი მთავარი კონკურენტის რუტ ნიკოლსის თვითმფრინავის ძრავას წაეკიდა ცეცხლი. ერჰარტმა სწრაფად დაივიწყა მეტოქეობა, ნიკოლსს აალებული თვითმფრინავის დატოვებაში დაეხმარა და მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა საკუთარ ადგილს, როცა რუტი მედიკოსებს ჩააბარა. სამწუხაროდ, ამელია დაგვიანებით ჩაება რბოლაში და მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
1928 წლის გადაფრენით იმედგაცრუებულმა ამელიამ მორიგი მცდელობა 1932 წლის 20 მაისს განახორციელა, როცა 15 საათსა და 30 წუთში მარტომ გადაკვეთა ატლანტის ოკეანე და ჩარლზ ლინბერგის შემდეგ მეორე გახდა, ვინც წარმატებით შეასრულა ურთულესი მისია.
ფრენა მეტად სარისკო გამოდგა, რადგან საწვავით დატვირთული თვითმფრინავი მძიმე სამართავი აღმოჩნდა, მით უფრო, რომ ერჰარტი ერთადერთი დაზღვევის - რადიოკავშირის გარეშე დარჩა. უმტყუნა მფრინავს მეტეოროლოგთა პროგნოზმაც, რადგან გამოცხადებული მზიანი ამინდის ნაცვლად ბინდი ჩამოწვა, რასაც შტორმი და ელჭექი დაემატა, თვითმფრინავზე ზეწოლა კი, იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ სიმტკიცისთვის ფრთაზე მიმაგრებული ოთხი დამატებითი გამაძლიერებელი გასკდა, მწყობრიდან გამოვიდა ყველა მოწყობილობა და ჯერ საწვავსადენის ჰერმეტულობა დაირღვა, მერე გამოსაბოლქვი კოლექტორი გასკდა. ამელიამ თვითმფრინავის უსაფრთხო ადგილას დასმა გადაწყვიტა და მართალია, საფრანგეთის ნაცვლად სამხრეთ ირლანდიის სანაპიროზე აღმოჩნდა, მაგრამ მაინც მოიპოვა პირველი პილოტი ქალის ტიტული, ვინც დამოუკიდებლად განახორციელა ფრენა და ორჯერ გადაკვეთა ატლანტის ოკეანე.
ერჰარტი ტრიუმფით დაბრუნდა სამშობლოში და არა მხოლოდ პირველი ქალი, არამედ პირველი სამოქალაქო პილოტი გახდა, ვინც შეერთებული შტატების კონგრესის საპატიო ჯვარი და ნაციონალური გეოგრაფიული კავშირის ოქროს მედალი მიიღო, მოგვიანებით კი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალრის წოდებით და ბელგიის მონარქის ლეოპოლდის ჯვრით დაჯილდოვდა.
1936 წელს ერჰარტმა სიამოვნებით მიიღო პერდიუს უნივერსიტეტის შეთავაზება და ლაბორატორიას ჩაუდგა სათავეში, რომელიც აერონავტიკაში ახორციელებდა კვლევებს, დაბადების დღის საჩუქრად კი, ორადგილიანი ‘’ლოქჰიდ-ელექტრა’’ მიიღო უნივერსიტეტისგან, რომელმაც კიდევ უფრო ხელშესახები გახადა მისი ოცნება - მოეწყო ავიამოგზაურობა მსოფლიოს გარშემო ყველაზე გრძელი მარშრუტით. მფრინავი ბოლო რეკორდის დამყარებისთვის ემზადებოდა, რადგან თვლიდა, რომ ‘’თანამედროვე ავიაციას არა თავზეხელაღებული პილოტები, არამედ კარგად მომზადებული ავიაინჟინრები სჭირდებოდა’’, ამიტომ მოგზაურობიდან დაბრუნებული სწორედ სტრატოსფერული და ჩქაროსნული ფრენების პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას გეგმავდა.
მართალია, მოგზაურობა დედამიწის გარშემო 1937 წლის 17 მარტს დაიგეგმა, მაგრამ ჰავაის კუნძულებიდან სტარტის დღეს, ჯერ საბურავი გასკდა, მერე საწვავით დატვირთულმა თვითმფრინავმა მოტეხა შასი, ასაფრენ ბილიკზე გახოხდა და მხოლოდ საოცრებით გადაურჩა აფეთქებას. თუმცა, ერჰარტმა მაინც არ დაიხია უკან და 20 მაისს, განახლებული თვითმფრინავით, შეცვლილი მარშრუტით და საიმედო შტურმანის ფრედი ნუნანის თანხლებით, ისევ ჰონოლულუდან აიღო სტარტი.
ივლისის დასაწყისში ერჰარტი-ნუნანის დუეტმა თითქმის 22 ათასი მილი, ანუ მარშრუტის 80 პროცენტზე მეტი დაფარა და დაგეგმილი 28 ეტაპიდან რამდენიმე მსოფლიო რეკორდიც დააფიქსირა, 1937 წლის 2 ივლისს კი, მფრინავებმა პაპუა-ახალი გვინეის სანაპირო ქალაქიდან - ლაედან აიღეს გეზი წყნარი ოკეანის კუნძულ ჰაულენდისკენ, რომელიც რთული მარშრუტის დასკვნითი, თუმცა საბედისწერო ეტაპი აღმოჩნდა, რადგან 1930-იანი წლების სანავიგაციო სისტემამ ვერ შეძლო 24-საათიანი ფრენის შემდეგ, წყნარ ოკეანეში ჩაკარგული პატარა კუნძულის მოძიება.
მართალია, პრეზიდენტ რუზველტის განკარგულებით ჰაულენდზე სპეციალურად მოეწყო დასაფრენი ბილიკი, სანაპირო ზოლზე კი, საპატრულო გემი მორიგეობდა, რომელსაც რადიოტალღების სიმძლავრის მიხედვით უნდა განესაზღვრა თვითმფრინავის მოახლოება, მაგრამ თვითმფრინავი არც დათქმულ დროს გამოჩნდა, არც მოგვიანებით.
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ შეერთებული შტატების საზღვაო-საჰაერო ძალებმა საძიებო ოპერაცია წამოიწყეს, რომელიც ამერიკის ფლოტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და ძვირადღირებულ სამაშველო ოპერაციად იქცა, რადგან დაკარგულ თვითმფრინავს ორი კვირა ეძებდა ასობით ზღვაოსანი, თვითმფრინავი და გემი, უმსხვილესი ‘’ლინკოლნისა’’და ‘’კოლორადოს’’ ჩათვლით, თუმცა საძიებო ოპერაცია მაინც უშედეგოდ დასრულდა.
მართალია, 1935 წლის 5 იანვარს ფლოტის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა ამელია ერჰარტისა და ფრედ ნუნანის დაღუპვის შესახებ, მაგრამ წლების შემდეგ არაოფიციალურად აღდგენილი ძებნა დღემდე გრძელდება. 1950-იან წლებში რამდენიმე ექსპედიციამ ისევ სცადა დაკარგულთა კვალის მოძიება, თუმცა, მატერიალური არტეფაქტები - თვითმფრინავი ან თუნდაც მის ცალკეული ფრაგმენტები ვერავინ იპოვა.
რა თქმა უნდა, ათწლეულების მანძილზე უამრავი ვერსია გაჟღერდა. მეტიც, თვითმხილველებიც კი, გამოჩნდნენ ვინც, ერჰარტი და ნუნანი ხან პაპუა-ახალი გვინეის აბორიგენების, ხან იაპონელთა ტყვეობაში ნახეს, თუმცა დამადასტურებელი მტკიცებულება ისევ ვერავინ წარმოადგინა, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ამელია ერჰარტისა და მისი შტურმანის გაუჩინარების ისტორია ბევრისთვის დღემდე სერიოზულ თავსატეხად რჩება, რომლის ამოხსნის იმედი წლებთან ერთად სულ უფრო ქრება.