საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი ავრცელებს. მისი თქმით, გასული დღის განმავლობაში აქტივისტებმა მერიის, პოლიციისა და სასწავლო დაწესებულებების შენობები დაარბიეს.
საფრანგეთში საპროტესტო ტალღა 17 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელსაც პოლიციელმა ესროლა. მოზარდის ოჯახის ადვოკატები უარყოფენ პოლიციის ვერსიას, რომ პოლიციელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ახალგაზრდა მათ არ დაემორჩილა და ავტომობილით დაჯახებით დაემუქრა.
ნანტერის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიციელი, რომელმაც ახალგაზრდა მძღოლს ცეცხლი გაუხსნა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პროტესტი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის გარეუბანში, ნანტერში დაიწყო, სადაც შემთხვევა მოხდა და სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.