უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ომის 491-ე დღეს უკრაინაში აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ყველაზე ცხელ წერტილად, კვლავ ბახმუტის, ავდეევკის, მარიინკისა და ლიმანის მიმართულებები რჩება, სადაც ბოლო 24 საათში 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა.
უკრაინული მხარის მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღება შეძლეს და ფრონტის ხაზზე გარკვეული წინსვლა აქვთ, ოკუპანტები კი, მძიმე დანაკარგებს განიცდიან.
კრამატორსკში ოკუპანტთა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სარაკეტო დარტყმებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმა კრამატორსკზე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა.