მუსიკალური პრემიის Brit Awards-ის რეკორდსმენი, ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი ნამდვილი ბედის ნებიერაა, რადგან ძალიან გაუმართლა, როცა ახალგაზრდულმა კოლექტივმა, რომელსაც 16 წლისა შეუერთდა პრაქტიკულად მუსიკალური განათლების გარეშე, მსოფლიო აღიარება მოიპოვა და ყველაზე გაყიდვად ჯგუფად იქცა, სოლო კარიერის დაწყების შემდეგ კი, მისი პოპულარობა ერთ-ორად გაიზარდა და ისეთი საკულტო მუსიკოსების პატივისცემა დაიმსახურა, როგორიც ელტონ ჯონი და ჯორჯ მაიკლია. მეტიც, სწორედ ჯონმა უწოდა ახალგაზრდა კოლეგას ‘’21-ე საუკუნის ფრენკ სინატრა’’ მისი ხავერდოვანი ხმის ტემბრისა და სახასიათო საშემსრულებლო მანერის წყალობით.
უილიამს კარიერის დასაწყისშივე ძალიან გაუმართლა, რადგან კოლეგებისგან განსხვავებით არც მძიმე შრომა გაუწევია, არც მსხვერპლის გაღება მოუხდა პოპულარობის მოსაპოვებლად. სკოლის დასრულების შემდეგ მუსიკოსი ჯერ დედას ეხმარებოდა ყვავილების მაღაზიაში, მერე ფანჯრების სახელოსნოში გადაინაცვლა, საიდანაც რამდენიმე თვეში გააძევეს, რადგან პროდუქციის რეკლამირების ნაცვლად, კლიენტებს მოურიდებლად ატყობინებდა, რომ ძვირადღირებულ ფანჯრებს ნაკლიც ზედმეტად ბევრი ჰქონდა. სახელოსნოდან გაძევებულმა უილიამსმა მხოლოდ გართობის მიზნით გაიარა მოსმენა მუსიკალურ პროდიუსერთან ნაიჯელ მარტინ-სმითთან, რომელმაც უპირობოდ მიიღო 16 წლის ახალგაზრდა ახლად შექმნილი ჯგუფის Take That-ის შემადგენლობაში.
ალკოჰოლიზმისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების წარმატებით დაძლევის შემდეგ უილიამსი ახლა აგორაფობიას - ღია სივრცის შიშს ებრძვის, რომელიც მისივე განცხადებით ძალიან უშლის ხელს სრულფასოვან ცხოვრებაში, თუმცა იმდენად პანიკურია შიში, რომ ფსიქოლოგიც ვერ ეხმარება მის დაძლევაში.
მეტად უჩვეულო გატაცების შესახებ გამოუტყდა უილიამსი თაყვანისმცემელს შოუში The Jeremy Kyle Show. როგორც აღმოჩნდა მუსიკოსი არა მხოლოდ ინტერესდება პარანორმალური მოვლენებით, არამედ თვითონაც რამდენჯერმე ნახა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. მეტიც, 2007 წელს უილიამსი ნევადაში ესტუმრა ამერიკულ სამხედრო ბაზას და პირადად გაუზიარა საკუთარი ვარაუდები ადგილობრივ უფოლოგებს, მოგვიანებით კი, ჟურნალისტთან ჯონ რონსომთან ერთად მოამზადა BBC Radio-სთვის სპეციალური გადაცემა იდუმალებით მოცულ პარანორმალურ მოვლენებზე.
ხმები უილიამსის ჰომოსექსუალიზმზე ჯერ კიდევ Take That-ის შემადგენლობაში მუზიცირებისას გავრცელდა, რისი მიზეზი პირველ რიგში ჯგუფის ორაზროვანი კლიპები გახდა. მართალია, მუსიკოსს ხმაურიანი რომანები ჰქონდა ცნობილ ლამაზმანებთან, მაგრამ ტაბლოიდები ირწმუნებოდნენ, რომ მექალთანის იმიჯით უილიამსი მხოლოდ საკუთარ ორიენტაციას მალავდა. განაწყენებულმა მუსიკოსმა, რომელმაც დიდხანს ითმინა ცილისწამება საბოლოოდ სასამართლოში უჩივლა გამოცემებს People-ს, Star-ს, Hot Shots-ს და საქმეც მოიგო, რადგან არა მხოლოდ სოლიდური თანხა მიიღო მორალური ზარალისთვის, არამედ საჯაროდ ბოდიშის მოხდაც აიძულა პრესის წარმომადგენლებს.
უილიამსის მუსიკალური კარიერა მრავალრიცხოვან პრემიებს, ალბომებსა და კონცერტებს აერთიანებს, თავად ბრიტანეთის დედოფლისთვის ელისაბედ მეორისთვის გამართული კონცერტის ჩათვლით. ამასთანავე, მუსიკოსი, რომელიც Grammy-ის ორგზის ნომინანტი, German ECHO Awards-ის რვაგზის და MTV European Music Awards-ის სამგზის პრიზიორია, ყველაზე ტიტულოვანი შემსრულებელია Brit Awards-ის ისტორიაში, რადგან ყველაზე მეტ - 18 ჯილდოს მფლობს - პრესტიჟული Brit Award for Outstanding Contribution to Music-ისა და Brits Global Icon Award-ის ჩათვლით, რომლითაც მანამდე მხოლოდ ელტონ ჯონი და დევიდ ბოუვი იწონებდნენ თავს.
იშვიათ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს 2002 წელს, ხმისჩამწერ კომპანიასთან EMI-თან გაფორმებული კონტრაქტი 80 მილიონ ფუნტ სტერლინგზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გარიგებად იქცა მუსიკის ისტორიაში, ‘’იმაზე ბევრად მდიდარი ვარ, ვიდრე ყველაზე თამამ ოცნებაში წარმომედგინა’’, - აღნიშნა უილიამსმა სარფიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
2004 წელს უილიამსი 1990-იანი წლების საუკეთესო მომღერლად დასახელდა და ბრიტანეთის მუსიკალური დიდების დარბაზში მოხვდა, ერთი წლის შემდეგ კი, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ყველაზე შემოსავლიანი მუსიკოსი, რადგან მსოფლიო ტურნეს Close Encounters Tour-ის გამოცხადების შემდეგ სულ რაღაც 24 საათში გაიყიდა 1, 6 მილიონი ბილეთი.
აღსანიშნავია 2003 წლის აგვისტოს თვეში გამართული სამი კონცერტიც Knebworth Park-ში, რომელიც ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო სივრცედ ითვლება. უილიამსის გამოსვლას საერთო ჯამში 375 მელომანი დაესწრო, ონლაინ და სატელევიზიო გამოსვლა კი, 3,5-მა მილიონმა მაყურებელმა იხილა, რაც ჯერჯერობით დაუძლეველი შედეგია, ისე როგორც ალბომი Live at Knebworth, რომელიც რეკორდული ტირაჟით გაიყიდა და ბრიტანული მუსიკის ისტორიაში შევიდა.
ბავშვობიდან ფეხბურთის მოყვარულმა უილიამსმა ერთგვარ ქველმოქმედებად აქცია საკუთარი გატაცება და ‘’ვარსკვლავურ’’ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, რომელიც სისტემატურად მონაწილეობს Soccer Aid-ის საქველმოქმედო ტურნირში, შემოსულ თანხას კი, სრულად გადასცემს UNICEF-ის ფონდს. ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მატჩი 2012 წლის მაისში გაიმართა მანჩესტერში, Old Trafford-ის ცნობილ არენაზე, როცა საქველმოქმედო თამაშმა 4 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტურნირის მოწყობის იდეა თავად უილიამს ეკუთვნის, რომელსაც ისე ძალიან უყვარს ფეხბურთი, რომ 2006 წელს მამასთან ერთად შეიძინა მშობლიური ქალაქის სტოკ-ონ-ტრენტის ნაკლებად წარმატებული, მხოლოდ მესამე დივიზიონში მოასპარეზე კლუბი Port Vale. მეტიც, მუსიკოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდა საკუთარი სინგლის It’s Only Us-ის FIFA 2000-ის კომპიუტერულ სიმულატორში გამოყენებას, თუ ფედერაციის მესვეურები მის საყვარელ გუნდსაც მისცემდნენ ვირტუალურ თამაშში მონაწილეობის უფლებას.
სხვათა შორის, 2001 წელს უილიამსმა UNICEF-ის კეთილი ნების ელჩის მისიაც იტვირთა, რაც სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებასა და ფონდების დახმარებას გულისხმობს. ამასთანავე, 2000 წელს მუსიკოსმა საკუთარი ფონდი Give It Sum დააარსა სტოკ-ონ-ტრენტში ნაკლებად შეძლებულთა დასახმარებლად, 2015 წელს კი, საქველმოქმედო აუქციონი Doing it for the Kids მოაწყო ლონდონში ფონდის Donna Loise Children`s Hospice მხარდასაჭერად.