ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველის ხალხის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის “სათამაშოდ” მარტივი ადგილის მიცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ვფიქრობ ევროკავშირში მოხვედრის დიდი შანსები გვაქვს და ევროკავშირისა და ნატოს გზები ძალიან პარალელურია, საქართველო ძალიან აქტიური იყო ნატო-სთან ურთიერთობებში, აქტიურად იყო ნატო-ს მისიების წევრი ერაყსა და ავღანეთში. ჰქონდა ნატო-ს წვრთნები ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გვქონდა.
ასე რომ, ნატო-სთან ჩვენი კავშირი ძალიან ახლოა, მაგრამ დღეს ევროკავშირის გზა, ალბათ, უფრო ახლოდ ჩანს, ვინაიდანნ, უკრაინამ ფაქტობრივად დააჩქარა ასოცირებული ტრიოსთვის და ალბათ სხვებისთვისაც (ბალკანეთისთვის) ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გზა. რაც შეეხება ნატო-ს, შემდეგ სამიტზე ცენტრალური თემა უკრაინა იქნება, ყველამ ვიცით ეს, და უსაფრთხოების გარანტიები იქნება უკრაინისთვის, არ ვიცი რა ტიპის, და ეს ნორმალურია. ეს არის ის, რასაც უკრაინა დღეს იმსახურებს და არანაირი ფორმის შეჯიბრი არ არსებობს და უკრაინის ნებისმიერი წინსვლა ნამდვილად სასარგებლო იქნება საქართველოსთვის.
მაგრამ ევროკავშირი გადამწყვეტ მომენტშია, საქართველოს სჭირდება წლის ბოლო კანდიდატის სტატუსის მიღება. [ევროპული] პერსპექტივა მოგვცეს, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, ეს ნიშნავდა, რომ გეოგრაფია საქართველოსთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ არის, როგორც ეს ბევრი წლის განმავლობაში იყო. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მიღებაა და ამ “რბილ ომში,” რომელიც რუსეთთან გვაქვს, ვფიქრობ ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველი ხალხისთვის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის “სათამაშოდ” მარტივი ადგილის მიცემა. ასე რომ, ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც, რა თქმა უნდა, დემოკრატიული რეფორმებსა და პროცესს ითვალისწინებს, რომელიც ბოლო პერიოდში ისეთი დამაკმაყოფილებელი არ არის, როგორიც უნდა იყოს. მაგრამ ეს პირობები შეიძლება დარჩეს, შეიძლება დაემატოს, ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირმა შეიძლება სწორი სიტყვები და ფორმატი შეარჩიოს, მაგრამ კვლავ - ეს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.