ოთხი უფლებადამცველი ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირების მიმართ დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაუქმდეს.
აღნიშნულის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2023 წლის 2 ივნისს, ქართველმა სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს მშვიდობიანი აქციის 7 მონაწილე, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ პროტესტის გამოხატვის უფლებას იყენებდნენ.
უფლებადამცველი ოთხი ორგანიზაცია გმობს თვითნებურ დაკავებებს, რადგან ეს პირდაპირ არღვევს გამოხატვისა და შეკრების ძირითად თავისუფლებას.
განცხადების თანახმად, ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ და ერთმნიშვნელოვნად შეწყდეს აქციის მონაწილეთა ადმინისტრაციული შევიწროება. ასევე, მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, როგორც ეს საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებით არის გათვალისწინებული.
„2023 წლის 2 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მშვიდობიანი აქცია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო სამოქალაქო ჯგუფი „ჯიუტის“ მიერ. აქტივისტებს ეჭირათ ქაღალდის ბანერები, რითაც აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდებდნენ მას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვისკენ. აქციის საპასუხოდ პოლიციამ თვითნებურად დააკავა პროტესტის შვიდი მონაწილე, მათ შორის ოთხი უფლებადამცველი: საბა ბრაჭველი, ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენელი; ედუარდ მარიკაშვილი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე; ნიკა რომანაძე, სამოქალაქო აქტივისტი და შოთა თუთბერიძე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი. პოლიციამ ასევე დააკავა სულ მცირე სამი სამოქალაქო ლიდერი, მათ შორის ლევან ნიშნიანიძე - პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი.
შვიდი დაკავებულიდან ერთ-ერთს აქციაზე ხელში ეჭირა საქართველოს კონსტიტუციის ასლი, ხოლო მეორეს - ცარიელი ქაღალდის ფურცელი. აქციის ზოგიერთ მონაწილეს ხელში ეჭირა ბანერი, რომელზეც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელი შეცვლილი იყო და წარმოთქმისას შეუფერებელ სიტყვას ემსგავსებოდა. დაკავებების პროცესში პოლიციამ ბანერები დააზიანა და პირებს ჩამოართვა. პოლიციამ გამოიყენა გადამეტებული ძალა, არ განუმარტა დაკავებულებს დაკავების საფუძველი და მათი უფლებები. მეტიც, დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულთა ადვოკატებს არ ეცნობათ მათი კლიენტების ადგილსამყოფელი და არ მიეცათ დაკავებულთა მონახულების შესაძლებლობა.
მარიკაშვილი, რომანაძე და ბრაჭველი მოათავსეს თელავის დროებითი დაკავების იზოლატორში, ხოლო სხვა დაკავებულები - დუშეთის დროებითი დაკავების იზოლატორში. მარიკაშვილი, რომანაძე და ბრაჭველი გაათავისუფლეს დაკავებიდან 48 საათის შემდეგ, რაც არის მაქსიმალური ვადა პირის წინასწარი დაკავებისთვის, ხოლო დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს ამ ვადის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე.
გათავისუფლების შემდეგ, შვიდივე დაკავებულს ედავებოდნენ ადმინისტრაციული წესით ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები). პირველი სასამართლო სხდომა საქმეზე 6 ივნისს შედგა. შემდგომი სხდომები გადაიდო რამდენიმე კვირით და ივნისის ბოლოს განახლდა. თუკი სასამართლო დაკავებულებს სამართალდამრღვევებად ცნობს, მათ დაეკისრებათ ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
მშვიდობიანად ქაღალდის ბანერების ხელში ჭერისთვის აქტივისტების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა არღვევს მათი გამოხატვისა და შეკრების უფლებას. თვითნებური დაკავებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თვალსაზრისით, შეშფოთებას იწვევს 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა სასამართლოს მიერ საქმის დროულად განუხილველობის ფონზე. ამასთან, დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტება, მათ მიერ ბანერების დაზიანება და ჩამორთმევა წარმოადგენს პოლიციის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არღვევს როგორც ადამიანის უფლებას, დაცული იყოს არასათანადო მოპყრობისგან, ასევე მის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს აზრი.
დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ღირებულებათა შორისაა შეკრების თავისუფლება და ამ გზით საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების ბოლოდროინდელი თვითნებური დაკავებები შემაშფოთებელ ტენდენციას წარმოადგენს, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების გამაერთიანებელ დემოკრატიულ პრინციპებს და ადამიანთა შესაძლებლობას, თავისუფლად შეიკრიბონ და გამოხატონ საკუთარი აზრი. ადმინისტრაციული წესით თვითნებურად დაკავების პრაქტიკა ცდილობს აკონტროლოს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილენი და ორგანიზატორები, დაასუსტოს მოქალაქეთა თვითორგანიზების ძალა, დააშინოს და შეავიწროოს უფლებადამცველები. საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილეა, მათ შორის არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ავალდებულებს ხელისუფლებას, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას და არცერთ შემთხვევაში არ დაუშვას პროტესტის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა და შევიწროება.
ადამიანის უფლებათა დამცველი ოთხი ორგანიზაცია გმობს თვითნებურ დაკავებებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH), „ობსერვატორია უფლებადამცველთა დაცვისათვის“ ფარგლებში; ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი (NHC); მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ (OMCT), „ობსერვატორია უფლებადამცველთა დაცვისათვის“ ფარგლებში.