ესპანეთში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფინალში, დაძაბულ ბრძოლაში სომეხი ნაზარიანი 5:4 დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს შეჯიბრებაზე დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა შეხვედრები, საიდანაც სამში ქართველი მოჭიდავეები ფინალში იასპარეზებენ – ანრი ხოზრევანიძე (60კგ), ნიკა ბროლაძე (72კგ) და გორ აივაზიანი (97კგ) ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.
ხოზრევანიძემ და ბროლაძემ აზერბაიჯანელი სპორტსმენები დაამარცხეს, აივაზიანმა კი ნახევარფინალში გერმანელ მოჭიდავეს სძლია. დღეს გამომსვლელ კიდევ ერთ ქართველს, დათა ჩხაიძეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი რეპეშაჟიდან აქვს. ფინალური დაპირისპირებები ხვალ, 20:00 საათზე გაიმართება.