წინა შეხვედრისგან განსხვავებით ნიდერლანდებთან მატჩში სასტარტოში სამი ცვლილება ვიხილეთ: პირველივე წუთებიდან გამოჩნდნენ: გიორგი გოჩოლეიშვილი, ნოდარ ლომინაძე და გიორგი წიტაიშვილი. ერვინ ვან დე ლოის დისკვალიფიცირებლი ტიმბერი დააკლდა.
თამაში ნიდერლანდელთა შტურმით დაიწყო, განსაკუთრებით ხელსაყრელი მომენტი კენეტ ტეილორს ჰქონდა, რომლის დარტყმულიც ძელს მოხვდა. უკვე მე-6 წუთზე ტეილორს ძელების "დუბლი" ჰქონდა შესრულებული.
საქართველოს ნაკრების პასუხი იყო ზურიკო დავითაშვილის სენსაციური გოლი, ბორდოს შემტევი 6 ნიდერლანდელს გაცდა და, ალბათ, ტურნირის საუკეთესო გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ნიდერლანდების შტურმი გაგრძელდა, რომელიც მე-6 კომპენსირებულ წუთზე ტეილორის გოლით დასრულდა - 1:1.
მეორე ტაიმში ნიდერლანდების უპირატესობა ისევ აშკარა იყო, თუმცა რამაზ სვანაძის გუნდმა თავი შესანიშნავად დაიცვა.
ამრიგად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ¼ ფინალშია! აქედან კი ოლიმპიადის საგზურამდე ერთი ნაბიჯია. 5 ქულა და პირველი ადგილი, ასეთია დებიუტანტის შედეგი.
ეროვნულ სტადიონზე კიდევ ერთხელ დამყარდა დასწრების რეკორდი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ისტორიაში. მატჩს 43 004 ადამიანი დაესწრო.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად თამაშობს და ცხადია ამ ტურნირის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა უდიდესი წარმატება. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს გაირკვევა. რამაზ სვანაძის გუნდი ჩეხეთს, გერმანიას ან ისრაელს შეხვდება. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრას პირველ ივლისს ჩაატარებს, შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.