ცოტა ხნის წინ ლანა დელ რეი გლასტონბერის ფესტივალს ეწვია და კონცერტიც გამართა. ამერიკელი ვარსკვლავის გამოჩენას მაყურებელი კონცერტის დაწყებიდან 30 წუთის განმავლობაში მოუთმენლად ელოდებოდა, რადგან მომღერალმა დაიგვიანა. ლანა სცენაზე ნახევარი საათის დაგვიანებით გამოვიდა და თავის ფანებს მოუბოდიშა კიდეც.
"ჩემი თმა ძალიან გრძელია, ამიტომ დავიგვიანე. ბოდიშს გიხდით, ჩემმა თმამ დიდი დრო წაიღო. თუ დენი და მოწყობილობები გაგვითიშეს, მაინც გავაგრძელოთ", — ასე მიმართა მომღერალმა ფანებს გამოსვლის წინ.
სცენაზე დაგვიანების გამო, ლანა დელ რეის გამოსვლა იმ დროში ვერ ჩაეტია, რაც მისთვის გამოყოფილი იყო. მომღერალს მიკროფონი გამოურთეს, ის კი გამოსვლის დასრულებას უშედეგოდ ითხოვდა. ცოტა ხნის შემდეგ სცენის დიდი ეკრანებიც გაშავდა, მაგრამ ლანა დელ რეიმ მაყურებელი არ დატოვა. მომღერალმა მუსიკალური თანხლების გარეშე შეასრულა Summertime Sadness, ფანები კი ცდილობდნენ, სცენასთან მაქსიმალურად ახლოს მისულიყვნენ, რათა ხმა უკეთ გაეგონათ.
ფესტივალის მაყურებლებმა ორგანიზატორების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რადგან ლანა დელ რეის გამოსვლის დასრულების საშუალება არ მისცეს. "დაახლოებით შუა ღამით ყველა ეკრანი გაშავდა და მიკროფონიც გამოურთეს. ამ დროს მთელმა აუდიტორიამ Video Games-ის სიმღერა დავიწყეთ. ლანა თითქოს დირიჟორობდა და ეს მართლაც საოცარი იყო. ის სცენიდან ჩამოვიდა და მის წინ მდგომ ხალხს პირადად მიესალმა" — იხსენებს კონცერტის ერთ ერთი მაყურებელი.
რამდენიმე გულშემატკივარმა ისიც კი აღნიშნა, რომ ფესტივალს მხოლოდ ლანა დელ რეის სანახავად დაესწრო.