აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ ოთხ კომპანიას, რომლებიც ოქროთი უკანონო ვაჭრობაში იყვნენ ჩართული და ერთ პირს, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობდა, სანქციები დაუწესა.
სანქციების სამიზნე გახდა კომპანიები რუსეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რომლებიც „ჩართული იყვნენ ოქროთი უკანონო ვაჭრობაში „ვაგნერის“ ჯგუფის დასაფინანსებლად, მისი შეიარაღებული ძალების შესანარჩუნებლად და გაფართოებისთვის, მათ შორის უკრაინასა და აფრიკაში“.
დასანქცირებული პირი კი ანდრეი ნიკოლაევიჩ ივანოვია, რომელიც მალიში „ვაგნერის“ ჯგუფის სხვადასხვა ქმედებებში იყო ჩართული.
„“ვაგნერის“ ჯგუფი თავის სასტიკ ოპერაციებს ნაწილობრივ აფინანსებს ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და მალი. შეერთებული შტატები გააგრძელებს „ვაგნერის“ შემოსავლების ნაკადებზე თავდასხმას, რათა შემცირდეს მისი გაფართოება და ძალადობა აფრიკაში, უკრაინაში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, - აცხადებენ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში.