კინოს სფეროს წარმომადგენლები კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებასა და დირექტორის არჩევის წესის შეცვლას ითხოვენ. მათ კულტურის მინისტრთან შეხვედრის ინიციატივით, უწყებას 22 ივნისს წერილობით მიმართეს და თანხმობის ბოლო ვადად, დღეს საღამოს 6 საათი განუსაზღვრეს, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს. ხელოვანებმა საზოგადოებას საკუთარი მოთხოვნები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გააცნეს. მათი თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი კინოში საბჭოური მეთოდების დამკვიდრებაა, რასაც ყველა დასაშვები ფორმით შეეწინააღმდეგებიან.