პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ მიიღო.
ბრალდების მხარე დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას შუამდგომლობდა, ვინაიდან პროკურორების თქმით, გრიგორიადისის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კვლავ არსებობს.
აღნიშნულს დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატების თქმით, გრიგორიადისი გამოძიებას არ მიმალვია, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდა.
ამასთან, უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ ბრალდებულის მხრიდან არც ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს. ადვოკატებმა გრიგოროადისის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
სხდომაზე ლაზარე გირგოროადისმა განაცხადა, რომ ის ვაკეში დააკავეს, ქალაქში იყო და არავინ დაკავშირებია, საგამოძიებო მოქმედებაში მიეღო მონაწილეობა. მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაიზიარა.