დღეს, ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველო „დინამო არენაზე“ ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდს სავსე ტრიბუნების წინაშე დაუპირისპირდება.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივრებს სტადიონზე ადრე მოსვლა და ჰიმნის ერთად შესრულება სთხოვა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატების დასწრების რეკორდი „დინამო არენაზე“ სწორედ მიმდინარე ტურნირზე დამყარდა. საქართველო-ბელგიის შეხვედრაზე 41 887 ბილეთი გაიყიდა, რაც 6 000-ით აღემატება ძველ რეკორდს, რომელიც 1996 წელს ბარსელონაში, ესპანეთი-იტალიის თამაშზე დაფიქსირდა. იმ შეხვედრას 35 600 ადამიანი დაესწრო.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში რამაზ სვანაძის გუნდმა მეოთხედფინალური თამაში, „მიხეილ მესხის“ ნაცვლად, „დინამო არენაზე“ გამართოს. თუ გუნდი მეორე ადგილზე გავა, მეოთხედფინალს ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ ჩაატარებს.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. შემდეგ 2-2 ქულით ბელგია და ნიდერლანდები მოდიან, ბოლო ადგილზე კი 1 ქულით პორტუგალიაა.
დღევანდელი შეხვედრა ნიდერლანდების წინააღმდეგ 20:00 საათზე დაიწყება.