საქართველოში დამოუკიდებელი კინოს შექმნის კიდევ ერთი პრეცედენტი. რეჟისორმა ზაზა კავთუაშვილმა ანტიძალადობრივი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გუდიანი კაცი“ გადაიღო, რომელიც სამოქალაქო ომის შემდგომ პერიოდზე, მარადიორობაზე, ახალგაზრდების ცხოვრებასა და ჩვეულებად ქცეულ ძალადობაზე მოგვითხრობს.
ფილმის მთავარი გმირები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დები არიან. გოგონებს სხვადასხვანაირი დღის წესრიგი, შესაძლებლობები და საჭიროებები აქვთ, თუმცა მათ ბავშვობის ტრავმები აერთიანებთ.
რეჟისორი ორი დის ცხოვრების მაგალითზე აღწერს, როგორ ტრანსფორმირდა ძალადობის ფორმები 90-ანი წლებიდან დღემდე.
„გუდიანი კაცი“ იღბლიანი პროექტია, როცა ფილმზე მუშაობის იდეა გამიჩნდა არაფერი მქონდა გარდა კამერის და შეუჩერებელი სურვილის, რომ ოცნება რეალობად მექცია. გადაღების პირველ დღეს გადასაღებ მოედანზე 4 ადამიანი ვიყავით, მეორე დღეს 8, მესამე დღეს უკვე 16. ასე გეომეტრიული პროგრესიით ვიზრდებოდით და ვძლიერდებოდით. გუნდი ნდობით და დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა ჩემს შეთავაზებულ იდეას. საჭიროების მიხედვით ემატებოდნენ ფილმს პროფესიონალები და ჯამში 130-მდე ადამიანის ხალისიანი შრომა სახიერ, განსხვავებულ და სათქმელზე ორიენტირებულ ფილმად იქცა. ეს არის ანტიძალადობრივი ფილმი, ზრუნვის აუცილებლობაზე, თანაგრძნობის ნაკლებობაზე, გადაუმუშავებელ ტრავმებზე და პირადი სივრცის მნიშვნელობაზე.“ – ამბობს სცენარის ავტორი და რეჟისორი, ზაზა კავთუაშვილი.
„გუდიანი კაცის“ ქართული პრემიერა წლის ბოლოსკენ იგეგმება, ამჟამად კი ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კინოფესტივალებზეა გაგზავნილი.