პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა, ორიდან ორი შეხვედრაში მოიგო. პირველი მატჩში ბორჯღალოსნებმა ჩეხეთი 17:14 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებმა ჩეხებთან შეხვედრაში სამი ლელო გაიტანა, თავი ლაშა ლომიძემ, გიორგი ჯობავამ და გიორგი ფრუიძემ გამოიჩინეს, სერგი ჩხაიძემ კი მხოლოდ ერთი ლელოს გარდასახვა მოახერხა.
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა მეორე შეხვედრაში ბელგიის ნაკრები 14:7 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ქართველმა მოარაგბეებმა პირველ ტაიმში გახსნეს – ლელო რეხვიაშვილმა დადო, ჩხაიძემ კი შედეგიანად გარდასახა.ბელგიელებმა მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა ე.წ. „გაწითლებულ დროში“ ჯობავამ კიდევ ერთი ლელო დადო, რომელიც ჩხაიძემ კვლავ შედეგიანად გარდასახა და სააბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 14:7 მოიგო.
დღეს საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც ასევე ორიდან ორი გამარჯვება აქვს. მატჩი 14:30 საათზე დაიწყება და ჯგუფში პირველ ადგილოსნის ვინაობას გაარკვევს.
შეგახსენებთ, რომ ევროპულ თამასებზე შვიდკაცა რაგბის ტურნირში გამარჯვებული გუნდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს, მეორე და მესამეადგილოსნები კი მიზნის მიღწევას საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ტურნირის მოგებით შეეცდებიან.