ქუჩის ცნობილი არტისტი ბენქსი, თოთხმეტი წლის შემდეგ პირველ სოლო-გამოფენას გამართავს. მხატვრის გამოფენა სახელწოდებით, „CUT & RUN“ გლაზგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოეწყობა და ბენქსის 25-წლიან მოღვაწეობასა და ნაშრომების შესაქმნელად გამოყენებულ ტრაფარეტებს გააერთიანებს.
როგორც ინგლისელმა ქუჩის მხატვარმა განაცხადა, მას ტრაფარეტები წლების განმავლობაში დამალული ჰქონდა, რადგან ისინი შესაძლოა მის წინააღმდეგ, ზიანის მიყენების ბრალდებით, მტკიცებულებად ყოფილიყო გამოყენებული. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, ხელოვნების ნიმუშების გალერეაში გამოფენის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მისივე შეფასებით, ნამუშევრების დამალვა შესაძლოა უფრო დიდ დანაშაულადაც კი ჩაითვალოს.
ბენქსის გამოფენა გლაზგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დღეს გაიხსნება და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.